თამარ შუკვანი
20.05.2020

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობის მიღებას. ეს ეხება როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ნაწილს. პარტიის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, „ლელო" ხისტ დამოკიდებულებას არ აჩენს და ხშირად გარკვეულ დათმობებზეც მიდის.

„ყველა გადის დამოუკიდებლად პროპორციულ ნაწილში. რაც შეეხება 30 მაჟორიტაურლ ოლქს, თუ ამ ფორმით იქნა მიღებული კონსტიტუცია, ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხდება შეთანხმება, რომ კონკურენტუნარიან კანდიდატებს არ შევუშალოთ ხელი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოლქზე მოხდება შეთანხმება, მაგრამ მეტეწილად მოხდება.

„ლელოს" ლიდერები ასე ხისტად არ აცხადებენ, რომ არ გაითვალსწინებენ ოპოზიციური პარტიების თამაშის წესს. გამონაკლისებს უშვებენ. უდიდესი შანსი ეძლევა ოპოზიციას. პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" და მისმა სატელიტებმა მოაგროვონ უმეტესობა. მაჟორიტარულ ოლქებში, გაერთიანებულ კანდიდატს ექნება სერიოზული უპირატესობა," - თქვა გოცირიძემ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილში „ლელო" საკუთარ კანდიდატებს წარადგენს, თუმცა იმ ოლქებში, სადაც დანარჩენ ოპოზიციას მათთვის მისაღები ძლიერი და კვალიფიციური კანდიდატი ეყოლება, „ლელომ" საკუთარი კანდიდატი შეიძლება არ დააყენოს.

მისი თქმით, ეს პარტიაში შიდა კონსულტაციების საგანია და ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება, ვინაიდან დაპირებული ცვლილებები საარჩენო სისტემაში ამ დრომდე მიღებული არაა და არც მათი შესრულების გარანტიები არსებობს. ამის შესახებ კოჟორაძემ „ნეტგაზეთს" განუცხადა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის „ლელოს" პოზიცია გასაკვირი არ იყო, რადგან როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, პარტია საკუთარ რეპუტაციასა და იმიჯს უფრთხილდება, - ცდილობს მესამე ალტერნატიული ძალის როლი მოირგოს.

„ეს განცხადება სიახლეს არ წარმოადგენს. „ლელომ" თავიდანვე განაცხადა, რომ არ იქნება „ათქვეფილი" საერთო ოპოზიციურ ჯაჭვში, - საკუთარი პოლიტიკური იდენტობა შეინარჩუნოს და წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც ალტერნატიული მესამე ძალა. აქედან გამომდინარე, მისი ეს ნაწილი ლოგიკურად გამოიყურება.

„ოპოზიცია ერთმანეთის წინააღმდეგ მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებენ, - ამ პრინციპზე რაღაც შეთანხმება არსებობს. ეს არის ოპოზიციის ტაქტიკური გათვლა. შეიძლება გრძნობენ, რომ დიდი ელექტორალური მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ცდილობენ ერთმანეთს არ დაუპირისპირონ კანდიდატები. ამას ემსახურება ის, რომ ერთიანი კანდიდატით გამოვიდნენ. როგორ მოხდება საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, გასარკვევია," - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

ცნობისათვის, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავს შეხვედრებს, მიმდინარე წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაციას გეგმავს, რაც იმაში გამოიხატება, რომ 30 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლება და დანარჩენი პარტიები მას დაუჭერენ მხარს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×