თამთა ჩაჩანიძე
20.05.2020

„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება დაძაბულობის გასანეიტრალებლად და დეპოლარიზაციისთვის. კარგად ჩანდა, რომ მისთვის ეს იყო რთული გადაწყვეტილება. მან ქვეყნის ინტერესები დააყენა თავის პირად ინტერესებზე წინ და ეს ნამდვილად ის არის, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი," - ამის შესახებ შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი დაეხმარება იმას, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის პირობა შეიქმნას, რაც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

მან „მთვარი" არხის ერთ-ერთ მეწილეზე, გიორგი რურუაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმ საქმეზე საუბარი, რომლის განხილვაც სასამართლოში ახლა მიმდინარეობს, მისგან მართებული არაა.

დეგნანი პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულონ, იმედოვნებს, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

„ეს კონსტიტუციური ცვლილებები იყო ქართველი ხალხის არჩევანი, რაც გულისხმობს უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს უფრო მეტი ხმის, მეტი მოსაზრების წარმოდგენას, უფრო მეტ პლურალიზმს პარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ ეს კონსტიტუციური ცვლილებები იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ, ეს იყო 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ მოლაპარაკებაში, უნდა შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველო მიიღებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობაზე და იმ დახმარებაზეც ისაუბრა, რასაც ამერიკა საქართველოსთვის „კოვიდ-19"-ზე რეაგირების კუთხით უზრუნველყოფს.

ოკუპაციის თემაზე საუბრისას, მან აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გააჟღერა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული რეგიონები პროგრესს იმსახურებენ, ხოლო ამისთვის კი რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს.

ელჩი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლას და საქართველოს ეკონომიკური აღდგენის პროცესში საქართველოს მთავრობის ძალისხმევას პოზიტიურად აფასებს და სტრატეგიული პარტნიორისგან ამ კუთხითაც მტკიცე მხარდაჭერის პერსპექტივაზე საუბრობს.

აშშ-ის სენატორებმა, ტედ კრუზიმ და ჯონ კორნინიმ, კონგრესმენებმა, ჯუდი არინგტინმა და მარქვეინ მულინმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართეს და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთება გამოთქვეს, ამ ფქტზე კი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-დან ნებისმიერი განცხადება და კომენტარი მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც საქართველოს წარმატებაზე ზრუნავენ.

„დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი განცხადება და კომენტარი, რომელიც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე და სურთ იხილონ, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას და სურთ იხილონ, რომ საქართველო ცდილობს იმ ოცნებების ასრულებას, რომელიც თვითონვე ჩაიფიქრა - შექმნას თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც სთავაზობს მოსახლეობას მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელსაც მოსახლეობა იმსახურებს. ამერიკიდან მომავალი ნებისმიერი კომენტარი, სავარაუდოდ, ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გაგებული,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×