
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი კორონავირუსით შექმნილმა კრიზისის გამო შესაძლოა რუსეთმა მეზობელ ქვეყნებზე აგრესია გახორციელოს. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეს გარკვეულწილად საფუძვლიანი მოსაზრებაა, რადგან რუსეთმა, საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოსახლეობის ყურადღების სხვა თემაზე გადატანის ხერხს მიმართოს და ამისთვის ამა თუ იმ ქვეყანაზე გარკვეული აგრესიის განხორციელება ერთ-ერთი გამოსავალია.
ასეთი შემაშფოთებელი პროგნოზი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოცემა ფაინენშალ თაიმსთან" გააკეთა.
„პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასების დაცემამ, ასევე ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის სხვა გზით გადაჭრის საშუალებებს აჩვენებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
„(რუსეთში) საკმაოდ მძიმე ვითარებაა არა მხოლოდ პანდემიის მხრივ, არამედ სოციალური და ეკონომიკური კუთხითაც. ყურადღების გადატანის მიზნით მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა - იმისათვის, რომ სახლმწიფომ ყურადღება გადაიტანოს საკუთარი პრობლემებიდან გარე პრობლემებზე, იწყება ხოლმე აგრესიული ქმედებები და პროვოკაციები, რაც ძირითადად შიდა პრობლემებით არის გამოწვეული - ეს საზოგადოების ყურადღების გადასატანად ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
„ამ შემთხვევაში რუსეთის ერთ-ერთი გამოსავალი არის აგრესია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც რუსეთთან მაინცდამაინც თბილი ურთიერთობა არ აქვს. დაძაბულობის ახალი კერა, მაგალითად, საქართველოსა და რუსეთს შორის არ შექმნილა და ძველი კერები, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა", ფაქტობრივად მოისპო.
„რუსეთმა შეიძლება დაიწყოს პროვოკაციული ქმედებები და გადაზარდოს ის გართულებულ ვითარებაში. ასევე შეიძლება იყოს ეკონომიკური პრობლემები იმ ნედლეულზე და პროდუქტზე, რასაც ჩვენ რუსეთიდან ვიღებთ. ბერკეტები სხვადასხვანაირია, მაგრამ მიზანი ერთი - ყურადღება გადაიტანოს საკუთარი შიდა პრობლემებიდან გარე პრობლემებზე," - აღნიშნა ძაბირაძემ „რეზონანსთან".