ია აბულაშვილი
24.05.2020

გორისფერდის ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, წმინდა გიორგის სახელზე აუგიათ. იგი მდებარეობს გურიაში, სოფელ შემოქმედთან ახლოს, მაღალ ბორცვზე, თუმცა დღეს მისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

ეს ადგილი ძალიან მიუდგომელი ყოფილა და ცნობილი იყო მომწვანო-ნაცრისფერი ქვებით, რომლითაც გურიის ეკლესიების უმეტესობა არის ნაგები. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, გორისფერდის ეკლესია არქიტექტურით საუკეთესო იყო მთელ გურიაში და სწორედ ამ ქვით იყო აშენებული.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ეკლესიის გუმბათი ლამაზი რელიებით იყო შეკრული. შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტები, რომელზედაც გამოსახული იყო სახარების სცენა. ეკლესიის სამლოცველოს ჰქონდა ხუთწახნაგოვანი აფსიდი. იატაკი მოპირკეთებული იყო ლურჯი ფერის ბრტყელი ქვებით. ეკლესიის ირგვლივ მასიური და ბრტყელი ჯვრიანი ქვებით იყო დახურული  ძველი სამარხები. ეკლესიის გადარჩენილი ქვები ოზურგეთის  ისტორიის მუზეუმშია დაცული.

გორისფერდის ეკლესიასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს - ოსტატი და შეგირდი ერთდროულად ორ ეკლესიას აშენებდნენ, ოსტატი - შემოქმედის ეკლესიას, შეგირდი კი - გორისფერდის. შეგირდის აგებულმა ეკლესიამ ოსტატის ნამუშევარს აჯობა, ამით განაწყენებულმა ოსტატმა კი მარჯვენა ხელი მოაჭრა მას.   

იმასაც ამბობენ, რომ ოსტატმა შეგირდი დაწყევლა, რადგან მან უფრო სწრაფად ააგო გორისფერდის ეკლესია. წყევლის შედეგად დაინგრა სიჩქარით ნაშენი ეკლესია - „გორისფერდი ინგრეოდა, შემოქმედი კი შენდებოდა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×