“არ მუშაობს ტრანსპორტი, კაფეები, რესტორნები, მუზეუმები - ტურისტი ამ პირობებში რისთვის შეიძლება ჩამოვიდეს, გაუგებარია”
თამარ შუკვანი
25.05.2020

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ტურიზმის სექტორს ხსნის. ეს იმის ფონზე, როდესაც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოში გარკვეული შეზღუდვები კვლავ რჩება. მართალია ქევეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს, თუმცა, რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ დრომდე მოქმედებს.

საქართველოში 15 ივნისიდან უსაფრთხო ტურისტული  ზონების შექმნა და შიდა ტურიზმის ამოქმედება იგეგმება. პირველი ივლისიდან ქვეყანა ტურისტებისთვის სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს გახსნის, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, რა რეგულაციებს დაექვემდებარება ტურიზმის სექტორი კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში.

პანდემიამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სფეროს მიაყენა, - სამი თვეა ტურიზმის სექტორი გაჩერებულია.

ინფექციონისტების ნაწილის შეფასებით, ახლა მთავარია ტურიზმის ამუშავებით და საზღვრების გახსნით, ეპიდემიის მორიგი აფეთქება არ მივიღოთ, რაც ასევე ტურიზმის სფეროს და ქვეყანას დააზარალებს, - საბოლოოდ ამას მოჰყვება საზღვრების კიდევ ერთხელ ჩაკეტვა და ეპიდემიასთან კიდევ ერთი ომის გადატანა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიღებული შეზღუდვების ფონზე, ტურისტები ჩამოსვლის მოტივაცია არ ჩანს, რადგან აზრი იმისა, თუ რისთვის შეიძლება ჩამოვიდნენ, არ არსებობს.

ამასთან, აუცილებელია საზღვრებზე შემომსვლელის კონტროლი, რომ საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგეს.

„ხელისუფლება რა წესებს სთავაზობს (ტურისტებს), ჯერ კიდევ გაუგებარია. მოქალაქეებს, ფაქტობრივად, არ გვაქვს გადაადგილების საშუალება, ტრანსპორტი არ მუშაობს და ტურისტების ნაწილი (საზოგადოებრივ) ტრანსპორტს იყენებს, ყველა დაქირავებული მანქანით არ დადის. კაფეები, რესტორნები, მუზეუმები, სადაც დოზირებულად შეიძლება შესვლა, ან არც შეიძლება. თუ ხელისუფლება ამ წესებს მკაცრ ჩარჩოებში არ მოაქცევს, მაშინ დაავადების გააქტიურების რისკი მაღალი იქნება.

„მოსახლეობა ამ თვეების განმავლობაში რატომ ეწამა, თუ ასე ხელაღებით შემოუშვებენ ტურისტებს? - პოტენციური ტურისტი ამ პირობებში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს საგანგებო მდგომარეობა, მოტივაცია, თუ რისთვის შეიძლება ჩამოვიდეს, გაუგებარია.

„ამ შემთხვევაში მგონია, რომ ხელისუფლება იმიჯ-რეიტინგით უფროა დაკავებული, ვიდრე ტურისტების მოძიების თემით. ეს ფორმა პოლიტიკურ კონტექსტში უფრო ჯდება, ვიდრე ეკონომიკურში.

„შეიძლება გარკვეული ტურისტების რაოდენობაზე მიმზიდველობა მაინც დარჩეს, თუმცა, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ძალიან დაბალი იქნება. თუ მასობრივ ტურიზმზე ვსაუბრობთ, ამაში შედის სასტუმროები, გასართობი ცენტრები, გადაადგილების კომფორტი და ა.შ. აქედან ჩვენთან არცერთი არ არის და შესაბამისად, მოტივაციის კუთხით, ტურისტების მოზიდვის პრინციპს ვერ ვხედავ," - აღნიშნა გამზარდიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×