
თუკი ხელისუფლებამ პარლამენტში საარჩევნო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვამდე არ გაათავისუფლა პატიმრობიდან გიორგი რურუა, საპარლამენტო ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებას მმართველი პარტიის მხრიდან ჩაშლილად ჩათვლის და 120/30 საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ „რეზონანსს" „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ჩავარდეს, რადგანაც მმართველ პარტიას მისი დამტკიცებისათვის საჭირო ხმების დამოუკიდებლად მობილიზება გაუჭირდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა დროულად მოიხსნა და არჩევნების ჩატარება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ დაგვიანდება.
თუმცა, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლება და ოპოზიციურ სპექტრს შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას ითავლისწინებს.
„როდესაც 8 მარტის შეთანხმების პოლიტპატიმრების ნაწილი შესრულდება - გიორგი რურუ გათავისუფლდება - ამის შემდეგ (საკონსტიტუციო ცვლილებებს) მხარს დავუჭერთ. ყველა ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „ნაცმოძრაობაც", ამაზე თანხმდება.
„თუ რურუა არ გათავისუფლდა, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. შეთანხმება უნდა შესრულდეს ბოლომდე. მაგრამ ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, რადგან მგონია, რომ რურუა გათავისუფლდება, როგორც გიგი და ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ. ამიტომ, დაველოდებით. პირველ მოსმენამდე დრო არის. პირველი მოსმენისთვის თუ არ იქნება გათავისუფლებული, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არ შესრულებულა," - თქვა კაპანაძემ.