
პარლამენტის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი; ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის 6 წევრის ნაცვლად შესაძლოა 7 გახდება საჭირო, უქმდება საპარლამენტო უმცირესობა, 15-დან 13-მდე მცირდება საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობა და ზოგიერთ კომიტეტს სახელი ეცვლება, 9-დან 3-მდე მცირდება პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობა, უქმდება „დამოუკიდებელი დეპუტატის" ცნება და მის ნაცვლად შემოდის „უფრაქციო დეპუტატი".
ეს მოსალოდნელი ცვლილებები, როგორც კონსტიტუციონალისტი და პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, ლოგიკურია და საარჩევნო სისტემის ცვლილებებიდან გამომდინარეობს. მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირების სტატუსის გაუქმება სწორია, მაგრამ დამოკიდებელი დეპუტატის სტატუსის გაუქმება - არალოგიკურია,
„უმცირესობის ცნება თავის დროზე, როდესაც შემოიღეს, არალოგიკურად მიმაჩნდა და დღესაც ასე ვფიქრობ. საპარლამენტო მუშაობაში აზრი აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან ის არის გადამწყვეტი ფაქტორი მთავრობის ფორმირებისას და მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებისას. რაც შეეხება უმცირესობის ცნებას, -აზრს ვერ ვხედავ, ვინც არ არის უმრავლესობაში ის მიეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. პირადად უმცირესობის მცნების გაუქმებას, მხარს დავუჭერდი.
„მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო ზღურბლი იქნება 5%-იანი, ამის მიმღები მიიღებს 7 მანდატზე მეტს, - 7 წევრი საკმარისი უნდა იყოს ფრაქციის შესაქმნელად. ლოგიკურია მინიმუმ 7 წევრიანი ფრაქცია.
„რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატის სტატუსს, თუკი პარლამენტის წევრმა ობიექტური მიზეზების გამო ფრაქცია დატოვა, ის გადადის დამოუკიდებელ მდგომარეობაში. დამოუკიდებელი წევრი, ვფიქრობ უნდა არსებობდეს.
„ეს ცვლილება ახლა არა, არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. არ მგონია, რომ ამან რაიმე უპირატესობა მისცეს მმართველ პარტიას, მაგრამ ასეთი ცვლილებები ლოგიკურად გამომდინარეობს საარჩევნო სისტემის ცვლილებებისაგან," - თქმა ხმალაძემ.
ცნობისათვის, დღეს მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, შესაძლებელია საპარლამენტო უმცირესობის ფორმირებაც. მოქმედი რედაქციით, თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია, მისი მოთხოვნის საფუძველზე, იძენს უმცირესობის სტატუსს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.