
„ეს უფრო გამოგონილი თემაა, ვიდრე რეალობა. ამიტომ არ მგონია, რომ ეს საქმე მთლად ასე იყოს, თუმცა, აღარაფერი გამიკვირდება", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეიძლება გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს, მისი ადგილი კი სუს-ის ამჟამინდელმა უფროსმა გიორგი ლილუაშვილმა დაიკავოს. ცვლილებები შეეხება მინისტრებსაც, მაგალითად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 15 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
„ამ ბოლო დღეებში მედიაში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ისიც კი ითქვა, რომ გახარია თურმე ოპოზიციაში მიდის და ა.შ. ჩემი აზრით, ეს უფრო გამოგონილია, ვიდრე რეალობა, რადგან მმართველ გუნდში ამ თემებზე საუბარი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილი ასე არ ფიქრობს.
„ჩემი აზრით, მსგავსი თემების წამოწევა უფრო ოპოზიციის სურვილია, რათა წარმოაჩინონ, რომ „ოცნებაში" ყველაფერი რიგზე ვერ არის, რეიტინგი დაუკარგონ გახარიას და ა.შ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გითხრათ სიმართლე, ისე, აღარაფერი გამიკვირდება", - განაცხადა „რეზონანსთან" რევაზ არველაძემ.