
ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი („კა-გე-ბე") ქართულ პოლიციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებს. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ქართული პოლიცია ე.წ. საზღვრის მთელს პერიმეტრზე ახალ ბლოკ-საგუშაგოებს დგამს , რა დროსაც ხშირად ე.წ. საზღვარს არღვევენ, რამაც, მათივე თქმით, შესაძლოა ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტები გამოიწვიოს.
კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამ შეფასებას ვითარების გაზვიადებად მიიჩნევს და საერთაშორისო დამკვირვებლების საპასუხო განცხადებას ელოდება. თუმცა, მისი შეფასებით, „კა-გე-ბეს" ეს განცხადება შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ოკუპანტები თავად გეგმავდნენ ახალი აგრესიის ან ძალადობის რაიმე აქტს.
ცხინვალის „კა-გე-ბეს" განცხადებით, ქართული მხარე არასასურველ ნაბიჯებს აგრძელებს, რამაც შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ე.წ. საზღვართან ვითარების გამწვავება გამოიწვიოს. ამავე დროს, „კა-გე-ბე" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით შეშფოთებულია, რომლებიც, მათი განცხადებით „პროვოკაციულ ქმედებებში" თითქმის ყოველთვის მონაწილეობენ.
„21 მაისის საღამოს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ეკიპაჟმა, ცხინვალის რაიონის სოფელ ქსუისთან საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტი გამოავლინა. მეორე დღეს სოფელ ხელჩუას მახლობლად რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული პოლიცია დაახლოებით ათი მეტრის მანძილზე შეიჭრა, ხოლო სასაზღვრო დაცვის მხრიდან უშუალო გაფრთხილების შემდეგ, მათ ტერიტორია დატოვეს" - აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.
დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახალი ბლოკპოსტების მოწყობის მცდელობები შეიარაღებული კონფლიქტის რისკს ზრდის.
ამას გარდა, დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს „საქართველო აგრესიულ ინფორმაციული შეტევები", რომელიც „სასზღვრისპირა დასახლებების მცხოვრებთა პროვოცირებისკენაა მიმართული".
ცხინვალის „კა-გე-ბე" საერთაშორისო დამკვირვებლებსაც აკრიტიკებს. მათი შეფასებით, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც მოწოდებულნი არიან შეამცირონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის პირობების შექმნას, არ მიმართავენ სათანადო ძალისხმევას, რომ შეაფერხონ საქართველოს აგრესიული პოლიტიკა".
კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების განცხადება გაზვიადებულია. მისი აზრით, ამჯერად ევროკავშირის საგდამკვირვებლო მისიის განცხადებას უნდა დაველოდოთ.
„ჩემი აზრით, ეს გაზვიადებული და გადამეტებული ინფორმაციაა. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ვენდობი ხოლმე. სამწუხაროდ, არც მხოლოდ ქართულ მხარეს და არც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის განცხადებაც არაა სანდო. ჩემი აზრით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებას უნდა დაველოდოთ. როგორც წესი, ასეთ განცხადებებზე რეაგირებენ და კომპეტენტურ, კვალიფიცირებულ განცხადებას აკეთებენ.
„ჩვენ ვიცით, რომ წნელისის საგუშაგოც დაიდგა ისე, რომ ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრებზე განხილული არ იყო. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ სჯობია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებას დაველოდოთ. ისინი ძალიან კომპეტენტურები და კვალიფიცირებულები არიან. მათ თავიანთი რეპუტაცია ძალიან უღირთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე შეფასებით, შესაძლოა სწორედ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მზადდებოდეს რაღაც.
„რაკი ასე აცხადებენ, მე მაინც მგონია, რომ უფრო მათი მხრიდან აქვს ადგილი რაღაცის მზადებას, ვიდრე პირიქით. მგონია, რომ მაინც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებას და შეფასებას უნდა დაველოდოთ, მათ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს."-განაცხადა ზაქარეიშვილმა.