
ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად წარადგენს თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს, თუ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „რეზონანსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს „გაერთიანებული ოპოზიციის" იმ წარმომადგენელთა პოზიცია, რომლებიც ბურჯანაძესთაბ თანამშრომლობას ეწინააღმდეგებიან.
„ამ საკითხზე კონსულტაციები იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული და საქმე წინ სერიოზულად წაწეულიყო. ჯერჯერობით მსჯელობა მიდის. შეთანხმების შესრულებაზე იყო საუბარი - რომ ხელისუფლებამ ბოლომდე შეასრულოს თავისი პირობა. თუმცა, დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, დგას ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების საკითხი. ოღონდ რაიმე კონკრეტული მიმართულებით საკითხი დეტალებში არ შესულა. ალბათ მალე დადგება ეს მომენტი," - თქვა ახვლედიანმა.
რაც შეეხება „გაერთიანებულ ოპოზიციაში" აზრთა სხვადასხვაობას მათთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის რადიკალურად უარყოფით პოზიციას, ახვლედიანი აცხადებს, რომ უმნიშვნელო წინააღმდეგობაა.
„ჩვენ პარტიაში არ ვუთმობთ დროს იმაზე ფიქრს, რომ თაკო ჩარკვიანის ფაქტორი სადმე რამენაირად დავძლიოთ. ჩვენ თაკო ჩარკვიანზე და მის არაადეკვატურ გამოხტომებზე ფიქრში დროს არ ვკარგავთ. ამ თემაზე დროის კარგვა არ ღირს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთადერთი რაც ადარდებს, ის არის, რომ როგორმე თავისი პიარი გაიკეთოს სხვისი შეურაცხყოფის ხარჯზე.
„ძალიან მდაბიო და მდარე დონეა ზოგადად პოლიტიკაში და ვფიქრობ, სხვა საქმეშიც. ამიტომ არავინ აპირებს აჰყვეს და ამაში ხელი შეუწყოს. ის, როგორც პოლიტიკური ფაქტორი, არავისთვის არ არის მნიშვნელოვანი," - აღნიშნა ახვლედიანმა.
კითხვაზე, თავად ნინო ბურჯანაძე განიხილება თუ არა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად, ახვლედიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პარტიაში ჯერჯერობით არ ყოფილა:
„პარტიაში არ ყოფილა ეს განხილვის საგანი. შეიძლება ვინმეს ეს იდეა უტრიალებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე არ გვისაუბრია. თუ ეს საკითხი გააქტიურდა, ალბათ იმსჯელებს პარტია, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი წინაპირობა ასეთი მსჯელობისა არ ყოფილა.
„ეს ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი ნამდვილად არ იქნება. ქალბატონმა ნინომ უნდა მიიღოს ამაზე ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იქნება თუ არა ქუთაისში, ან საერთოდ მონაწილეობას მიიღებს თუ არა მაჟორიტარულ არჩევნებში," - თქვა ახვლედიანმა.