
„რეზონანსის" მიერ მოპოვებული არაოფიციალური ინფორმაციით, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავება 1-ლ ივნისს იგეგმება, თუმცა, ოფიციალურად ზუსტ თარიღს არავინ ასახელებს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სულ უფრო კატეგორიულად ითხოვს როგორც მინიმუმ ტრანსპორტის ამუშავების ზუსტი თარიღისა და ახალი წესების გამოცხადებას, თუმცა, ამ ეტაპზე, გარდა ზოგადი რეკომენდაციისა, რომ მგზავრებს პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ, არაფერია ზუსტად ცნობილი.
გარდა ამისა, კეთდება განცხადებები, რომ ამუშავების შემდეგ დაწესდება შეზღუდვა მგზავრთა რაოდენობაზე, თუმცა არაა დაკონკრეტებული ერთდროულად მაქსიმუმ რამდენი მგზავრი დაიშვება ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში, ვინ და როგორ გააკონტროლებს მგზავრთა რაოდენობას და მათ შორის დისტანციის დაცვას.
ამ გაურკვევლობის ფონზე კი ამ საკითხის ირგვლივ ვნებათაღელვა იზრდება - 27 მაისს თბილისში, მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედანთან" საქალაქო ტრანსპორტის ამუშავების მოთხოვნით საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, რომლის ინიციატორი „თავისუფალი საქართველოა". ამავე მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც სამშაბათის საღამოს მონაცემებით, 3500-მდე ხელმომწერი ჰყავს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გარდა ამისა, კონკრეტულად რა რეკომენდაციების დაცვა იქნება სავალდებულო, ამ საკითხის ირგვლივ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება მოგვიანებით მიიღებს.
„არ ვარ ამ გადაწყვეტილების მიმღები, თუ როდის ამუშავდება ტრანსპორტი. ამას აკეთებს ქალაქის მერი და საკოორდინაციო საბჭო. ბატონმა კახიმ მისცა ინტერვიუ გუშინ - რომ განხილული იყო საკითხი და მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული საქალაქო ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით.
„რეკომენდაციებს ვიძლევით, თუ როდესაც ამუშავდება, რა წესები იქნება დაცული - ეს იქნება ჰიგიენური წესები, პირბადის ტარება, დისტანცია და სხვა ბევრი წესი, რომლებიც გამოქვეყნდება. გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრი და ქალაქის მერი, თუ როდის უნდა ამუშავდეს საქალაქო ტრანსპორტი. ეს არის მობილობის ყველაზე დიდი ზრდა, ამიტომ სიფრთხილე გვჭირდება," - უთხრა გამყრელიძემ „რეზონანსს".