
მედიკოსები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად კოვიდ-19-ის ეპიდემიის მორიგ ტალღას არ ელოდებიან, თუმცა, როგორც ინფექციონისტები აღნიშნავენ, ყველაფერი ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციები საქალაქო ტრანსპორტზე, 29 მაისიდან უქმდება, თუმცა, მგზავრებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ დღევანდელი ოპტიმისტური ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის მეორე ტალღა საქართველოში მოსალოდნელი არ არის.
„ეს (მეორე ტალღას) გამოიწვევს თუ არა, მაინც ადამიანებზეადამოკიდებული. როდესაც ტრანსპორტი აღდგება, მგზავრებმა უნდა დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რასაც მოგვაწოდებენ. ეს იქნება ნიღბების და ხელთათამანების ტარება. არ უნდა გამოიწვიოს მატება, თუ კარგად მოვიქცევით. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
„ამ მომენტისთვის ვირუსი რომ შემცირებულია, ფაქტია და კარგია. რა იქნება, ამის შესახებ, საუბარი რთულია," - თქვა ენდელაძემ.
ამასთან, 8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება. 1-ელი ივლისიდან კი, ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება.
ცნობისათვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 735 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. მათ შორის 12 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3076 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250.