თამარ შუკვანი
27.05.2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 მაისს პარლამენტში კოვიდ-19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ ეპიდსიტუაციის დროს კინკლაობის დრო არ არის. ამასთან, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციასა და საზოგადოებას მოუწოდა, ერთად ებრძოლონ კოვიდ-19-ის გამო შექმნილ გამოწვევებსა და კრიზისს, რომ ქვეყანამ ეპიდემიის დაძლევის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი შეფასება დაიმსახუროს.

მისივე თქმით, გლობალურ დონეზე შეფასდება მთლიანად ქვეყანა და არა ცალკე აღებული მმართველი გუნდი, ოპოზიცია, ექიმი ან პოლიციელი.

„ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში. რამდენად ეფექტიანად და ერთიანად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს. ეს არ არის საქართველოს კრიზისი, ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი. ეს არის გლობალური კრიზისი და არავინ იცის, როდის დამთავრდება. ამიტომ როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ კრიზისზე, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში. ისინი შეაფასებენ საქართველოს, არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციელს და არც მინისტრს. ისინი შეაფასებენ ქვეყანას და ეს არის შეფასება, რომელიც შეგვიძლია დავიმსახუროთ უაღრესად მაღალი.

„მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციას, რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაღაც მომენტში გვქონდეს შესაძლებლობა, ვიამაყოთ ერთმანეთითაც და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით, სხვებთან შედარებით, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით, ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები და ეს ეფექტურობა გამოვიყენეთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში," - განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საქართველოს და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2,3, 4 თვეში, პოსტკრიზისული გეგმაზე საუბარი ნაადრევია.

„მე არ ვამბობ, რომ ეს არის პოსტკრიზისული გეგმა, პოსტკრიზისული გეგმა არის სხვა ისტორია. უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი გაეგება ეკონომიკაში. ამიტომ, როდესაც ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2,3, 4 თვეში, მას შემდეგ, რაც ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე," - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის აზრით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროში შემუშავებული გეგმა, რომლითაც კოვიდთან ბრძოლაში კლინიკები ეტაპობრივად ერთვებოდნენ.

„ბევრმა ჩვენზე უფრო ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ისე ემკურნალათ. ამან რა შედეგები გამოიღო ყველამ კარგად ვნახეთ. ჩვენი შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ეს ერთობლივი მუშაობა იყო კრიტიკულად მნიშვენლოვანი.

„ჯანდაცვის სამინისტროში იყო შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომლითაც კლინიკებს ეტაპობრივად რთავდა კოვიდთან ბრძოლაში. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ იყო აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მართა. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს კოვიდით ინფიცირებული არცერთი ადამიანი, რომელმაც ვერ ან არ მიიღო სტაციონალური მკურნალობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×