
„ეპიდემიის მხრივ სავსებით გაურკვეველია სიტუაცია რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, აზერბაიჯანში. სომხეთშიც ასევე რთული ეპიდემიური მდგომარეობაა, ამიტომ ჩვენ ერთგვარად ეპიდემიოლოგიურ არასტაბილურ გარემოცვაში ვიმყოფებით. ამას ემატება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეპიდსიტუაცია, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ურთულესი ვითარებაა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეპიდვითარებას.
მისივე აზრით, იმის გამო, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურად რთული ვითარებაა, საქართველოს მთავრობამ კრიზისების მართვის სპეციალური ანალიტიკური ცენტრი უნდა შექმნას, რათა რეგიონში ეპიდვითარება აკონტროლოს.
„რუსეთში პანდემიური მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, განსაკუთრებით ეს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს ეხება. მაქვს ინფორმაცია, რომ დაღესტანში ამ მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა, შეყვანილია რუსეთის შეიარაღებული ძალების ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის სპეცდანიშნულების ნაწილები, რათა არსებული სიტუაცია დაარეგულირონ. რამდენადაც ვიცი, ჩეჩნეთში პანდემიის შესახებ ინფორმაციის გასვლას გრიფით „საიდუმლო" აქვს დადებული, ანუ ამ მიმართულებით სიტუაცია უცნობია.
„რუსეთში ეპიდსიტუაცია თანდათან რთულ ფაზაში გადადის, პუტინს რეგიონული მაღალი თანამდებობის პირი იგნატიევი დაუპირისპირდა. კორონავირუსი, ფაქტობრივად, პუტინის მთავრობაშიც მოდებულია, ბოლო-ბოლო, პრემიერ-მინისტრი მიშუსტინია ინფიცირებული და რამდენიმე დღის წინ ასევე დაინფიცირდა პრეზიდენტის პირადი პრესმდივანი პესკოვი, ასევე ინფექცია კიდევ ხუთმა ფედერალურმა მინისტრმაც მოიხადა. აქედან გამომდინარე, აქ რამდენადაა გავრცელებული ეს შემთხვევები, ყველაფერზე მეტყველებს.
„ეპიდემიის მხრივ სავსებით გაურკვეველია სიტუაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგალითად, აზერბაიჯანში. სომხეთშიც ასევე რთული ეპიდემიური მდგომარეობაა, ამიტომ ჩვენ ერთგვარად ეპიდემიოლოგიურ არასტაბილურ გარემოცვაში ვიმყოფებით. ამას ემატება ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეპიდსიტუაცია, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ურთულესი სიტუაციაა.
„სხვა გამოსავალი არ არის და მინდა პირდაპირ გიორგი გახარიას მივმართო. იმედია, ამას გაითვალისწინებს, შეიქმნას საქართველოს მთავრობასთან კრიზისების მართვის სპეციალური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ასეთი ტიპის საფრთხეების პრევენციას განახორციელებს, ასევე საფრთხეების ინფორმაციების მოპოვებას და დამუშავებას, ასევე თავდაცვის მინისტრსაც მივმართავ, რომ შეიარაღებულ ძალებში ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის სპეციალური დანიშნულების ნაწილები დროზე შეიქმნას. ესენი სწორედ ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეების აღსაკვეთად მზად იქნებიან იმიტომ, რომ ტერორისტული ორგანიზაციები კვლავ აქტიურობენ და ამ კონტექსტში ბიოტერორიზმის საფრთხეებიც არის გასათვალისწინებელი", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია, საქართველომ ტურისტულ სეზონზე ასეთი ქვეყნებიდან შემომავალ ტურისტებს მკაცრი კონტროლი უნდა გაუწიოს.
„საქართველომ აუცილებლად უნდა განსაზღვროს საეჭვო ეპიდვითარების ტიპის ქვეყნებიდან, გარე კლასტერებიდან შემოდინებული ტურისტების მართვის ფორმა, იქნება, ჯერჯერობით, გარკვეული სელექციური ვარიანტი შემოვიღოთ, რომ სანამ ეპიდემიის საფრთხეა, ის ტურისტები მივიღოთ, ასდაც უფრო ტრანსფარენტული და უფრო ღია ინფორმაციაა ეპიდვითარებაზე. მეორე, სანიტარიული დერეფნები უნდა გაკეთდეს, რომელიც ასეთი კერებიდან შემოსულ ადამიანების მისამართით ეპიდზომებს მიიღებენ და მესამე, გარკვეული ტურისტული ზონების შეზღუდვა დავაწესოთ იმიტომ, რომ ჩვენ რომ მოვადუნოთ ყურადრება, ჩვენ გარშემო რეალურად არასტაბილური პანდემიური გარემოა", - განაცხადა მაისაიამ.