
"გახარიას გამოსვლა იყო დამაჯერებელი და ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ოპოზიციიდან იყო ერთი-ორი საქმიანი შეკითხვა, თუმცა ოპოზიციამ სხდომა თავის სტილში გააგრძელა," - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში აქციის ფონზე გაიმართა, მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან შეიკრიბნენ და პრემიერს 20 ივნისის მოვლენები შეახსენეს. პარალამენტის სხდომათა დარბაზში პრემიერმა დეპუტატების წინაშე საათნახევარი ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში განახორციელა საკორდინაციო საბჭომ და მთავრობამ. უმრავლესობის განცხადებით, მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი. კრიტიკული იყო ოპოზიცია, რომელმაც გამოსვლას "ტყუილების ტრიბუნა" უწოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან იყო ერთი-ორი საქმიანი შეკითხვა, სხდომა ჩვეულ სტილში გააგრძელეს, რაც არის მათი აპრობირებული ხერხი. რაც შეეხება გახარიას გამოსვლას, დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ვფიქრობ, რომ იყო დამაჯერებელი, ყოვლისმომცველი და ყველა კითხვას გაეცა პასუხი. იყო მოლოდინი, რომ იქნებოდა წარმოდგენილი კორექტირებული ბიუჯეტი, თუმცა ამასაც აქვს ახსნა, რადგან დასაზუსტებელია ყველა ის პარამეტრი, რომელიც უნდა აისახოს კორექტირებულ ბიუჯეტში.
რაც შეეხება, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ გახარიას პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ესეც ოპოზიციის ერთ-ერთი იარაღია, შემოაგდონ ინფორმაცია საინფორმაციო ველში, შეიტანონ დაბნეულობა ელექტორატში, შეარყიონ მმართველი გუნდის იმიჯი და ა.შ. ამ მეთოდს წარმატებით თუ წარუმატებლად იყენებენ წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, დღეს პრემიერის შეცვლის საკითხი არც დგას და არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მომგებიანი იყოს მმართველი გუნდისთვის; გამომდინარე იმ პოლიტიკური დივიდენდებიდან, რომელიც აკრიფა ამ კორონვირუსთან გამკლავების პროცესში გახარიას კაბინეტმა. მის შეცვლას ამ მომენტში ვერ გაიგებს ამომრჩეველი და დამაზიანებელი იქნება მმართველი გუნდისთვის, ყველა ასპექტში.
დღეს საგანგებო მდგომარეობა უკვე გაუქმებულია და პოლიტიკურმა ძალებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი უნდა დაიწყონ, ამას ხელს აღარაფერი უშლის. თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, ბოიკოიტირება ოპოზიციისთვის უფრო დამაზაინებელი იქნება და გაუგებარი იგივე დასავლეთისთვის. პარლამენტში დარჩენილია დეპუტატთა ის რაოდნეობა, ერთი-ორი დეპუტატის გამოკლებით, რომელთა განწყობაც არის ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლიელებებს. ასე რომ, 113 ხმა მოგროვდება. რამდენად შეინარჩუნებს ოპოზიცია ერთობას მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს თემა საინტერესო არ არის, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" რომელთაც აქვთ დომინანტი პოზიცია ოპოზიციაში, შეეცდებიან საკუთარი კანდიდატები დააყენონ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კი ერთ-ორ კანდიდატთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდნენ," - განაცხადა "რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.