თამარ შუკვანი
28.05.2020

თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრზე რუსეთის მიერ განახლებული თავდასხმა შესაძლოა ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდეს, - კრემლი ცდილობს რუსეთში არსებული რთული ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საზოგადოების ყურადღება „გარე მტერზე" გადაიტანოს. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს და ამ მიზეზით ჩვენზე აგრესიაც კი განახორციელოს.

რამდენი დღეა რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, ბრალდებები ისმის. 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი „კითხვებს ბადებს".

საქართველოში საერთაშორისო ექსპერტები კრემლის განცხადებების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ ლუგარის კვლევით ცენტრზე საინფორმაციო ომი მოსკოვმა გაანახლა. რუსეთი დაჟინებით ითხოვს ლაბორატორიის დათვალიერებას. საქართველო კი მზადყოფნას გამოხატავს რუსულმა მხარემ თბილისში სპეციალისტები გამოაგზავნოს.

ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ." რუსეთი ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს: „სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება," - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, კრემლი ითხოვს, ვიზიტი განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, რუსეთი ელოდება ოფიციალურ პასუხს ნოტაზე შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მხარეს 2019 წელს გაეგზავნა.

მოსკოვში ყურადღება გამახვილეს იმაზე, რომ ლუგარის ცენტრი ვაშინგტონის მიერ ფინანსდება: „მიუხედავად, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ლაბორატორიაზე სრული კონტროლისა და დაფინანსებისა, მის ბაზაზე მიმდინარე კვლევები, ფატობრივად კურირებას უწევს და აფინანსებს ამერიკის თავდაცვის უწყება და მასთან აფილირებული უწყებები," - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათი განცხადებით, ამის დასტურია ამ ობიექტზე მიმდინარე ექსპერიმენტები, საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევების გადამტანად მწერების გამოყენების თაობაზე. ასევე საბრძოლო აღჭურვილობა მომწამვლელი ნივთიერებებით, ან ინფექციის აგენტებით.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთი საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანას ცდილობს, რადგან ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი, როგორც ეკონიმიკური, ასევე ეპიდემიოლოგირი თვალსაზრისით.

„ამ თემის აქტუალიზაციით რუსეთი ცდილობს საკუთარ ქვეყანაში კორონავირუსისგან შექმნილი სიტუაციის გამო, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას; ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვით უნდა, რომ თავად რუსული საზოგადოებრიობის თემა გადაიტანოს გარედან მომავალ საფრთხეებზე, თითქოს რუსეთის საზღვართან არის ბიოლოგიუირი ლაბორატორია, რომელიც სამხედრო ტიპის ცდებს აწარმოებს და იქიდან შეიძლება მომდინარეობდეს საფრთხე.

„რუსულ საზოგადოებაში გააჩინოს მოსაზრება, რომ ის პრობლემები, რაც დღეს რუსეთშია ეპიდემიოლოგიური კუთხით, შეიძლება უკავშირდებოდეს ლუგარის ლაბორატორიას და ამით მოიპოვის ერთგვარი ლეგიტიმაცია, რომ შემდეგ განახორციელოს სადამსჯელო ტიპის ღონისძიებები საქართველოს მიმართ.

„რუსეთი საქართველოსგან ითხოვს, რომ მიიღოს იმ ტიპის დაშვება, რაც მან მიიღო სომხეთში არსებულ ანალოგიური ტიპის ამერიკულ ლაბორატორიაზე, როდესაც რუსეთის სამხედრო სპეციალისტებს მისცეს საშუალება, ყველაფერი ენახათ.

"საქართველოში ასეთი დაშვება არ ექნებათ, რადგან ლუგარის ლაბორატორიას აქვს თავისი წესები, დაშვების დონეები და ვერცერთი სახელმწიფო ვერ უკარნახებს ვერც საქართველოს მთავრობას და ვერც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს, თუ რა დაშვება მისცეს რუსეთის სპეციალისტების დელეგაციას. ამიტომაც, ამ მხირვ, რუსეთი ვერ მიიღებს იმას, რასაც ითხოვს," - თქვა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ კრემლი ცდილობს „მტრის ხატის შექმნას," საქართველოსა და აშშ-ს სახით. ამასთან, იგი თვლის, რომ საქართველო ერთგვარი თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს, პირიქით, - მოსკოვს მოსთხოვოს ბრალდებების დასაბუთება მტკიცებულებების დონეზე.

„ლუგარის ცენტრის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არის პროპაგანდა. რუსეთში ინფორმირებული არიან, რომ აქ არანაირი ცდა ადამიანებზე არ ტარდება.

"ქართული მხარე კი თავდაცვის რეჟიმში არის, რომ მზადყოფნას გამოვხატავთ, ჩამოვიდნენ ექსპერტები და დაათვალიერონ. როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს რუსეთს, წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები. შესაბამისად, არ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში.

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედება განახორციელოს. არ არის გამორიცხული, რომ მანევრირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. ამასთან შეიძლება საოკუპაციო ხაზის გადმოწევასაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ფართმასშტაბიანი აგრესიის განხორციელება არ მოხდება, ამის შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ინფორმაციული პროპრანადა ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომ საქართველოს და აშშ-ს ავტორიტეტი შელახოს. რუსეთს სჭირდება ეძიოს მტერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმის ფონზე, როდესაც ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნად დაეცა და ამ შემთხვევაში შემცირდა რუსეთის შემოსავლები.

"რუსეთს სურს ყურადღების გადატანა და მტრის ხატის შექმნა. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელოს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაზე," - აღნიშნა ჩიტაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×