
აღდგომიდან მე-40 დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლების დღესაწაული ქრისტიანულ ეკლესიებში მე-4 მე-5 საუკუნიდან აღინიშნება. წმინდა სახარების მიხედვით, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფეველის შესახებ მოუთხრობდა.
გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ და აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმინდას და უთხრა, რომ არ გაშორებოდნენ იერუსალიმს. დაასრულა რა საუბარი ქრისტემ, თავისი მოწაფეები ბეთანიისკენ გამოიყვანა, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ზეცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შემდეგ თანდათან დასცილდა, ზეცად ამაღლდა და მცირე ხანში ღრუბლებში გაუჩინარდა.
ვიდრე ქრისტეს მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენათ ორი კაცი, თეთრებში შემოსილნი, რომელთაც უთხრეს "კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელთა ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად".
მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. სულიწმინდის მოლოდინში განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, ადიდებდნენ და მადლს სწირავდნენ ღმერთს.
ქრისტეს ამაღლების სახელზე ჩვენს წინაპარს მრავალი ეკლესია-მონასტერი აუშენებია. ქართულ საეკლესიო მხატვრობაში კი ქრისტეს ამაღლების კომპოზიცია მრავალად არის შემორჩენილი, კერძოდ, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება, მე-11 საუკუნის ზემო კრიხის ეკლესიაში. ვარძიის ამალების ეკლესიის მშვნებაა ქრისტეს ამაღლების უნიკალური ფრესკა.
საინტერესო ლეგენდა არსებობს კახეთში, ოზაანში, ვანინის ტყის სიღრმეში მდებარე ამაღლების ტაძარზე. თამარის ეპოქაში ამ ტაძარში მოღვაწეობდა მხატვარი მიქაელი, რომლის შექმნილი ფრესკები დრომ ვერ წაშალა. ლეგენდის თანახმად, ამაღლების ეკლესიას ორჯერ სწვევია თამარ მეფე; პირველი სტუმრობისას საღამოს მისდგომია ტაძარს, ამ დროს მხატვარი ხარაჩოზე იდგა, ქვემოდან ლამპარი მიუნათებიათ, ელდანაცემი ოსტატი ხარაჩოდან ჩამოვრადნილა.
თამარს მაშინვე მოუხსნია თავისი მანდილი-რიდე, საკუთარი ხელით დაუმზადებია მალამო, უცხია ოსტატისთვის და დაშავებული ხალი მანდილით შეუკრავს. ერთ კვირაში გამოიკეთა მხატვარმა, თამარ მეფის მანდილი მოიხსნა და ხატთან დაკიდა.
ერთ დღესაც, ხორნაბუჯის ერისთავთ-ერისთავმა ქუდზე კაცს უხმო ბრძოლაში. ქიზიყს მოულოდნელად თავს დაესხა თამარ მეფის ყოფილი ქმარი გიორგი რუსი განძელთა ლაშქრით.
მიქაელიც მოემზადა ომში გასასვლელად, ჩამოხსნა თამარის მანდილი და ხელზე დაიხვია. ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა მტერი კი დაამარცხა, მაგრამ ბოლოს მხატვარი და გიორგი რუსი პირისპირ შეებნენ ერთმანეთს.
გიორგი რუსმა როგორც კი შეიცნო თამარის ნაქონი მანდილი მიეჭრა მხატვარს და მკლავი მოჰკვეთა. სასოწარკვეთილი მხატვარი დაედევნა გიორგი რუსს და გულმკერდი გაუპო. დასრულდა ბრძოლა, მიქაელმა კი თამარის მანდილი ვერსად იპოვა. დაბრუნდა ტაძარში და ხატვა დაიწყო, მაგრამ ვეღარ ხატავდა.
გავიდა დრო, ისევ ეწვია თამარ მეფე ამაღლების ეკლესიას, მხტვარი შორიდან უყურებდა სათაყვანებელ მეფეს. ამ დროს მოხდა საწაული, ქარმა საიდანღაც აიტაცა დაკარგული მანდილი, ჯერ თამარ მეფეს შემოეხვია, შემდეგ იფრინა და მიქაელთან დაეშვა, თავისით მოეხვია მარჯვენა მკლავზე.
მხატვარმა მაშინვე ფუნჯს მოჰკიდა ხელი და ხატვა დაიწყო. ამბობენ, ამაღლების ტაძრის თამარის ფრესკა ხან გამოჩნდება და ხან უჩინარდება. უხილავი ფრესკა, რომ იხილო, სამი რამის უნდა გწამდესო: ღმერთის, სიყვარულის და სასწაულის. ტაძარში შესული ჯერ კარებთან დგები და ცოდვებს ინანიებ, თუ განიწმინდები, მაშინვე სვეტზე გამოჩნდება ღვთაებრივი თამარ მეფის სახე.