თამთა ჩაჩანიძე
28.05.2020

„ჩვენ ხელისუფლებამ უკეთესად იცის როგორ გააკეთოს - საერთაშორისო სამართლის ნორმები არსებობს, არსებობს სტანდარტები იმისა, თუ ამ ყველაფრის გაკეთება როგორ ხდება.

"პრინციპულად და კატეგორიულად ვთვლი, რომ არავითარი გამონაკლისი არ უნდა იყოს დაშვებული რუსეთის მიმართ მითუმეტეს, რომ ის ჩვენი მტერი სახელმწიფოა" - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის მოთხოვნას საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერების შესახებ.

„რეზონანსი": რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შენობის ყველა კორპუსზე, ასევე დოკუმენტებზე, როგორ ფიქრობთ, რეალურად არის თუ არა ეს ულტიმატუმი?

პაატა ზაქარეიშვილი: ეს აშკარად ულტიმატუმია. შეიძლება ამას უხეშად არ ვუპასუხოთ, მაგრამ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო სტანდარტებით არსებულ პირობებში დავუშვათ რუსი სპეციალისტები სხვა ექსპერტებთან ერთად.

ეს ჩვეულებრივი ამბავია, აიღონ ნებისმიერი საერთაშორისო დონის ლაბორატორია და რა წვდომაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს იმ ლაბორატორიაში აქვთ, დაახლოებით იმავე წვდომის საშუალება უნდა მივცეთ.

ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია - ჩვენმა ხელისუფლებამ უკეთესად იცის როგორ გააკეთოს. საერთაშორისო სამართლის ნორმები არსებობს, არსებობს სტანდარტები იმისა, თუ ამ ყველაფრის გაკეთება როგორ ხდება და პრინციპულად და კატეგორიულად ვთვლი, რომ არავითარი გამონაკლისი არ უნდა იყოს დაშვებული რუსეთის მიმართ მითუმეტეს, რომ ის ჩვენი მტერი სახელმწიფოა, ოკუპირებულ აქვს ტერიტორიები.

ჩვენ გვაქვს მოსაზრებები, თუ ჩვენი მკაფიო პოზიციები რატომ უნდა გვქონდეს, ეს უნდა იყოს საერთაშორისო ნორმების სტანდარტებით დათქმული შეთანხმებული პირობები, სხვებთან ერთად - მე არ მესმის რატომ უნდა იყვნენ იქ რუსები მარტო და თავიანთი რატომ უნდა გაიტანონ.

„რ": რუსეთის განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე...

პ.ზ.: მე როგორც რიგითი მოქალაქე ვურჩევ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ საერთაშორისო სპეციალისტების თანდასწრებით მოხდეს და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით.

არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ჩვენგან უარს ელოდნენ და ამიტომ უნდა ითქვას, ასე, რომ ამა და ამ ნორმების გათვალისწინებით საქართველო მზად არის უმასპინძლოს სხვებთან ერთად, ამ პირობების გათვლით, ანუ სიტყვა უარი და არა არ უნდა იყოს, უნდა იყოს მუდმივად და შეიძლება ითქვას განმეორება ჯიუტად ერთი რაღაცის, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ რუსეთის სპეციალისტები სხვა სეციალისტებთან ერთად - ანუ არ უნდა გავღიზიანდეთ, რუსეთს როგორც ჩანს სურს, რომ ანკესზე წამოგვაგოს.

ეს ჩანს იგივე ღია ცის კონვენციასთან დაკავშირებითაც - ანუ, აშკარად რუსეთს აქვს თავსი ამბიციები საქართველოსთან მიმართებაში და მგონია, რომ ეს არჩევნების წინ შემთხვევით არ ხდება.

ჩემი მოსაზრებაა, რომ რუსეთს სურს, რომ ქართულ მოსახლეობას რუსული საფრთხის განცდა შეუქმნას, რათა მოსახლეობის მერყევმა ნაწილმა შესაძლოა პრორუსულ ძალებს მისცეს ხმა.

მე როგორც ამისი სპეციალისტი, ძალიან დაკვირვებული ვარ, თუ პრორუსული ძალები ამ ფონზე როგორ წამოყოფენ ხომე თავს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობაა საჭირო, რომ სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება, ხედავთ როგორ იმუქრებიან და ა.შ.

ანუ ქართული საზოგადოების ნაწილისგან მე ზუსტად ამ ტალღის წამოსვლას ველოდები და იმედია, რომ ეს ტალღა სუსტი და შეუმჩნეველი იქნება.

„რ": თუ მოხდა ისე, რომ საქართველომ მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნის რომელიმე საკითხზე უარი განუცხადა, რას უნდა ველოდოთ ოკუპანტისგან?

პ.ზ: რუსეთს უნდა რომ როგორმე უარი გამოგვტყუოს, ამიტომ, ჩვენი მხრიდან სიტყვა არა არ უნდა ითქვას - უნდა ითქვას, რომ ჩვენ თანახმა ვართ ამ და ამ სტანდარტებით მივიღოთ რუსი სპეციალისტები.

ვეცადოთ რომ სიტყვა უარი არ ითქვას და პირობები იყოს დადებით კონტექსტში, ეს პირობები უნდა იყოს არა ქართული სახელმწიფოს პირობები, არამედ საერთაშორისო სამართლით დადგენილი.

რუსეთისთვის მთავარია საქართველოს საგარეო რეპუტაცია დააზარალოს, აშკარად ჩანს, რომ მათ იმედი ჰქონდათ რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მათთვის უფრო მეტად მოქნილი იქნებოდა და შეეცდებოდა კავკასიაში რუსეთისთვის უფრო მეტი უფლებები მიეცა.

ეს ასე არ ჩანს, აშშ საქართველოს ძალიან მკაფიოდ და ცალსახად უჭერს მხარს და რუსეთს უნდა, რომ აშშ-ს დაანახოს, რომ აი შენი საყვარელი საქართველო როგორ არაკონსტრუქციულად იქცევა, ამიტომ ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.

რუსეთს ძალიან ბევრი მუქარები ჰქონია, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიამრთებაში - როცა ისინი ნატოში, ან ევროკავშირში წევრიანდებოდნენ, მაგრამ არც არაფერი - ამ სიტუაციამ გაიარა.

რუსეთი მაინც ძალის დემონსტრირებას ახდენს, რომ მაგალითად ჩვენ ამის შეგვეშინდება, თუ არ შეგვეშინება, დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება ჩაწყნარდება.

მათი მუქარების არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ, რომ მათგან სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართ ასეთი მუქარები არაერთხელ ყოფილა, მაგრამ, თუ მუქარას ჩვენ არ ავყვებით, როგორც წესი მუქარა ჰაერში ქრება, როგორც გაზი - კი აქვს გაზს ჯერ მყრალი სუნი, მაგრამ ორთქლდება და მაინც სუფთა ჰაერი დგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×