
„ოპოზიციას აქვს არა მარტო სათქმელი, არამედ სერიოზული კითხვები. ველოდები, რომ ეს კითხვები იქნება უფრო საგნობრივი და რთული. განსხვავებული სცენარი დაგვხვდება იმასთან შედარებით, რაც პარლამეტში ორი დღის წინ იყო. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა სიახლეს შესთავაზებს ოპოზიცია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, რომელიც დღეს, 29 მაისს უნდა გაიმართოს.
„რეზონანსი": პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 2 დღის წინ, 27 მაისსაც იმყოფებოდა. მან დეპუტატებს პანდემიის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. გიორგი გახარია პარლამენტში დღეს „ნაციონალური მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" ინტერპელაციის წესით დაიბარეს. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა მწვავე დებატები?
ვახტანგ ძაბირაძე: მგონია, რომ ოპოზიცია სერიოზულად უნდა მომზადებულიყო იქიდან გამომდინარე, თუ როგორი წარმატებითაც გამოვიდა პრემიერი პარლამენტში. ორი დღის წინ აშკარად ჩანდა, რომ ოპოზიცია მთლად მყარ პოზიციებზე ვერ იდგა. თუ ოპოზიციამ გაანალიზა და მოიფიქრა, რა აქვს სათქმელი მისთვის, დღევანდელი დებატები იქნება უფრო მწვავე.
„რ": რამდენი დღეა რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, საქართველოს მისამართით ბრალდებები ისმის. კრემლი დაჟინებით ითხოვს ლაბორატორიის დათვალიებას. საქართველო კი მზადყოფნას გამოხატავს რუსულმა მხარემ თბილისში სპეციალისტები გამოაგზავნოს. როგორ ფიქრობთ, პანდემიის ფონზე, რას ემსახურება მოსკოვის მხრიდან საინფორმაციო ომის განახლება და უნდა შემოუშვას თუ არა ქართულმა მხარემ ლაბორატორიის დასათვალიერებლად რუსი სპეციალისტები?
ვ.ძ: რეალურად ამ ლაბორატორიას ორი მფლობელი ჰყავს, - საქართველო და აშშ, რომლის არა მარტო დაფინანსებით, არამედ ტექნოლოგიებით და პირდაპირი კადრების მომზადებით მუშაობს და ფუქნციონირებს ლაბორატორია.
შესაბამისად, როდესაც საუბარია რუსეთის მოთხოვნაზე, მოსკოვი ამას ხსნის იმით, რომ მიიღოს ინფორმაცია ფორმალურად, - ამას ასაბუთებს იმით, რომ უნდა იცოდეს, რა ცდები ტარდება ლაბორატორიაში.
ერთი მნიშვნელოვანი პარალელს გავავლებდი, - ჩინეთში აშშ ითხოვს, და არ ამარტო აშშ, რომ საიდანაც გავრცელდა ვირუსი, იქ არსებული ლაბორატორია შემოწმდეს. განსხვავება ამ ორ ფაქტს შორის არის შემდეგი: აშშ და სხვა ქვეყნები, როდესაც ითხოვენ იმ ლაბორატორიაში შესვლას, ეს ყველაფერი არის საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული და არა ისე, როგორც აშშ-ს სურს. შესვლის სტრუქტურა თუ პროტოკოლი, თუ ვინ უნდა მონაწილეობდეს, არის განსაზღვრული, ანუ საერთაშორისო დონეზეა გადაწყვეტილი.
როდესაც რუსეთი ითხოვს შემოსვლას, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ თანახმაა ქართული მხარე, ოღონდ საერთაშორისო პროტოკოლის გათვალისწინებით და არა ისე, როგორც რუსეთს უნდა.
ამიტომ, ქართული მხარე თუ თანახმაა, რომ რუსეთმა ლუგარის ლაბორატორიაში ყველაფერი გადაამოწმოს, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და არა ისე, როგორც რუსეთი ითხოვს.