თამარ შუკვანი
29.05.2020

საკანონდებლო ორგანოში, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, გიორგი გახარიასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე რომან გოცირიძეს შორის მცირე ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, სადაც გოცირიძემ გახარია ტყუილში დაადანაშაულა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერს დემაგოგი უწოდა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ყოველთვის, არის სიცრუე. თქვენ მოგვაწოდეთ წერილობით რაღაც დოკუმენტები. მინდა დაგისვათ კითხვა: იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი, ბატონი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? - იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში: ბავშვთა, პენსიონერთა და საერთო სიღარიბე. ამიტომ მოხსნეს, ასე ამბობენ, - სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნა და როგორც თქვენ მოგხსნით მალე, მაგრამ ეს სხვა საკითხია.

„2015 წელს ბავშვთა სიღარიბე 2.5% იყო, 2017-ში 6.8% გახდა. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია და არა ის ზღაპრები, რაც თქვენ წაგვიკითხეთ. უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში 2015 წელს 1.7% იყო და 2017 წელს 3.7% გახდა. 2015 წელს უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში მთლიან მოსახლეობაზე 2.5% , ხოლო 2017 წელს - 6.8% იყო. ამის შემდეგ სარწმუნო განახლებული ინფორმაცია არ არსებობს. თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავდით პენსიონერებზე, პენსია დღეს 75 დოლარია, როდესაც 2013 წელს 90 დოლარი იყო. საქართველოს მოსახლეობის 69% უკიდურეს სიღარიბეშია მსოფლიო ბანკის კვლევით და მხოლოდ 7% არის საშუალო ფენა," - მიმართა გოცირიძემ გახარიას.

ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა თქვა: „ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია."

გახარიას თქმით, რომან გოცირიძე წარსულით ცხოვრობს:

„ჩვენი სამწუხარო რეალობა ზუსტად იმაშია, რომ ის კი არ გაინტერესებთ ჩვენთან ბავშვების და პენიონერების სიღარიბე, რომელიც მართლა არის, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ იყოს, თქვენ ის გაინტერესებთ კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს, წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ," - უპასუხა გახარიამ.

ამის შემდეგ, პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ 30 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც პროცესები უკვე დებატებზე გადავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×