
„ეს კვლევები არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ჩატარდა, ახლა მთავარია ხელისუფლება კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შედეგად მიღებულ პოლიტიკურ და რეპუტაციულ დივიდენდებს არჩევნებამდე დარჩენილ დროში რამდენად შეინარჩუნებს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI) მიერ ჩატარებული კვლევას.
კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 12% "ნაციონალურ მოძრაობას", 6% "პატრიოტთა ალიანს", 4 %-4% "ლეიბორისტულ პარტიას" და მამუკა ხაზარაძის "ლელოს", 3% "ევროპულ საქართველოს", 1% დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს.
ანჯაფარიძის თქმით, კვლევების შედეგები ხელისუფლების კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შედეგი იყო, თუმცა მისი თქმით, ახლა მთავარია „ქართული ოცნება" მიღებულ პოლიტიკურ ქულებს არჩევნებამდე როგორ შეინარჩუნებს.
„ეს კვლევები იმ დროს ჩატარდა, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის წარმატების შედეგები უკვე სახეზე იყო და მოსახლეობამ ეს თავის თვალით თვითონ დაინახა, აქედან გამომდინარე, მე ამ კვლევების შედეგები არ მიკვირს, მითუმეტეს ეს კვლევები იმ პერიოდში ჩატარდა, როდესაც პანდემიის ფონზე ოპოზიციის ქცევა ჩემის აზრით, ჩვენი საზოგადოებისთვის მაინცდამაინც მისაღები და მიმზიდველი არ იყო იმიტომ, რომ მათაც ასევე აშკარად დაინახეს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ძნელბედობის ჟამს ერთგვარი პოლიტიკური ქულების დაწერისა და იაფი პოპულიზმით საკუთარი შერყეული რეპუტაციისა და პოლიტიკური პოზიციების აღდგენას ცდილობდნენ.
„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მოსახლეობა ამას აფასებს, ხედავს და შესაბამისად მათი განწყობებიც ამ კვლევაში აისახა, თუმცა ეს სატელეფონო გამოკითხვა იყო.
„ის, რომ თუ არ ვცდები მოსახლეობის 86% კოვიდ-19-თან ბრძოლაში ხელისუფლების ნაბიჯებს დადებითად აფასებს, მგონია, რომ მოულოდნელი არც ესაა, იმიტომ რომ სიკვდილიანობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.
„რადგანაც ამ ყველაფერს ასე იოლად გადავურჩით, ამიტომ ვიღაცას ჰგონია, რომ ეს იოლი იყო, ეს იოლი არ ყოფილა, ამაზე ადამიანებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, ჩვენს ექიმებს, სახელისუფლებო სტრუქტურებს, რომ ეს გამოწვევები რაც არსებობდა, მშვიდობიანად მოეგვარებინათ.
„თუმცა მომავალში ვნახოთ, ეს კვლევები არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ჩატარდა, ახლა მთავარია თუ ხელისუფლება კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შედეგად მიღებულ პოლიტიკურ და რეპუტაციულ დივიდენდებს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში რამდენად შეინარჩუნებს," - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარტიების რეიტინგებზე საუბარი ნაადრევია, დასძენს, რომ რეალური სურათი მხოლოდ პოსტკრიზისულ პერიოდისა და კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდის სოციოლოგიური გამოკითხვის ჯამის შედეგად გამოჩნდება.
„არჩევნებში ესა თუ ის პარტია რამდენ პროცენტს აიღებს, ვფიქრობ, ამის ექსპერტული შეფასება ცოტა არ იყოს ადრეა, იმიტომ რომ არჩევნებამდე როგორც აღვნიშნე, ხუთ თვემდეა დარჩენილი, ხელისუფლებამ ახლა ანტიკრიზისული გეგმა, სოციალური დახმარების პაკეტი უნდა აამუშავოს და არა პენდემიასთან ბრძოლის გამოცდილება, არამედ უკვე პოსტკრიზისული პერიოდში მუშაობის ეფექტურობა განსაზღვრავს მოსახლეობის განწყობას. ამის შემდეგ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები, წინა სოციოლოგიურ გამოითხვებთან ერთად შედარებით უფრო რეალისტურ სურათს მოგვცემდა," - განაცხადა ანჯაფარიძემ.