ელზა პაპოშვილი
29.05.2020

მიუხედავად იმისა, რომ  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე  გადასვლას 2019 წელს მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოების ნაწილიც მოითხოვდა, ამ სისტემას თავისი  უარყოფითი მხარე აქვს. ქართულ პოლიტიკაში საარჩევნო გამსვლელ სიებში მოხვედრის მანკიერი მეთოდი არსებობს და ყველასთვის ცნობილია, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი ფულის სანაცვლოდ სიაში ადგილებს ყიდის. შესაბამისად არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლის შემთხვევაში პარტიის ლიდერი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ვინ იქნება გამსვლელ სიაში. 

ექსპერტების ნაწილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კორუფცია წინასაარჩევნოდ არც პროპორციული არჩევნების შემთხვევაში აღმოიფხვრება და პირიქით, შესაძლოა  შიდაპარტიული დაპირისპირებებიც კი დაიწყოს.              

პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, ამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა და გადაწყვეტილებას, ჩვეულებრივ, ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს. ამის გამო კი არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც, ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა ან პირადი ინტერესები ამოძრავებთ.   

როცა პარტიების შიდა მოწყობა არადემოკრატიულია, პარტიულ სიებს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელობა და არა პარტიის წევრები ადგენენ;

თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, წარმომადგენლობითი ორგანოც მრავალფეროვანი გამოვა, რამაც შესაძლოა პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს. 

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში პროპორციულ სიაში ადგილების გაყიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად კი თავისი ყოფილი პარტია მოჰყავს, სადაც ის გენერალური მდივანი იყო. ამბობს, რომ რამდეჯერაც სია შეადგინეს, ნათელაშვილმა იმდენჯერვე ადგილები გაყიდა. ეს იყო 90 წლებში, ასევე  2002 წელს, როდესაც საკრებულოს სიაში მე-5  ნომერი იყო. 2003-ში კი საპარლამენტო სიაში „6-7 ადამიანი ფულის სანაცვლოდ ჩაწერა“. მისი მტკიცებით, სწორედ ასე ჩაწერა 2008 წელს ვანო მერაბიშვილის ნათესავი სიაში. 

„ეს პრაქტიკა მარტო ლეიბორისტულ პარტიაში არ ხდება. ეს არის ყველა ოპოზიციურ თუ მმამართველ  პარტიაში დანერგილი პარქტიკა. საქართველოში ეს იმდენად მიღებული ამბავია, რომ არავის არ უკვირს. პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ ვწერთ სპონსორებს და ბიზნესმენებს, რომლებიც პარტიას აფინანსებენ და არა მარტო პარტიას, მის ლიდერებს ეს ფული სახლშიც მიაქვთ.  

საკუთრ ანგარიშებს კარგად ისქელებენ. გარკვეულწილად პარტიის ლიდერების მესმის, მართალია კორუფციას გამართლება არა აქვს, მაგრამ იმდენად ძვირი ჯდება საარჩევნო კამპანია, რომ ერთი ან ორი ბიზნესმენის ჩაწერა პარტიულ სიში გამართლებულადაც მიმაჩნია, თუ ვინმე ოდიოზური პირი არაა. ეს ფული პარტიამ საიდანღაც ხომ უნდა მოიტანოს – პლაკატების, ბუკლეტების, სატელევიზიო რეკლამის ფული. მისი მოტანა საიდანღაც უნდა მოხდეს. მმართველი პარტიები, როგორც წესი, ამას რეკეტის წესით აკეთებენ. ის იმპარტიები კი, რომლებსაც ბიზნესმენებზე გავლენა არა აქვთ, ამიტომ იძულებულები ხდებიან, რომ ესეთი ადამიანები ჩაწერონ. მართალია მანკიერი პრაქტიკაა, მაგრამ რეალური“, - ამბობს შატბერაშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, არჩევნებს ვერ მოიგებს ადამიანი, თუ ვინმემ მისი საარჩევნო კამპანია არ დააფინანსა. ფიქრობს, რომ ამ მიდგომით ამომრჩეველი პროპორციული სისტემით არჩევნების დროს უფრო დაზიანდება.   

„რეიტინგული პარტია სიაში ორ ბიზნესმენზე მეტის ჩაწერას ვერც ახერხებს. მეტი რომც მოინდომოს, ვერ შეძლებს. იძულებულია თავისი პარტიის წევრებიც ჩაწეროს. სხვაგვარად ბუნტი ატყდება. 5 კაცივე თუ ბიზნესმენი ჩაწერა, მაშინ პარტია დაეშლება. არჩევნების დროს კორუფცია საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა“, - ამბობს სოსო შატბერაშვილი „რეზონანსთან“.  

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მსგავსი პარქტიკა საქრთველოში ნამდვილად არსებობს დ ეს არახალია. მისი განცხადებით, გარკვეული შემოწირულობის სანაცვლოდ, ბიზნესმენები გამსვლელ სიაში შეჰყავთ. ბარიერის შემთხევვაში კი ამ სიის წევრები  პარლამენტში ხვდებიან. 

„ამ მანკიერი პრაქტიკის ქართული პოლიტიკიდან სრულად მოშორება ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემის შემთხვევაშიც ასე მოხდება და ეს ტენდენცია გაგრძელდება. გამოსავალი რაშია, მაშინ სულ მაჟორიტარულ პრინციპზე უნდა გადავიდეთ. აქაც ცალკე პრობლემები ჩნდება. პარტიებს კი ეს არ უნდათ. მათთვის პროპორციული სისტემა მისაღებია იმ ფორმით, რომ მუდმივად სიის თავში იქნებიან, ხოლო პარტია თუ ბარიერს გადალახავს, პარლამენტში შესვლა გარანტირებული აქვს. 

რა თქმა უნდა, პოლიტკურ სისტემას და ელიტას პროპორციულზე სრულად გადსვლა კორუფციის ფაქტებს ვერ აღმოფხვრის. ნებისმიერი  ადამიანი,  როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს, პარტიის ლიდერზეა დამოკიდებული. შიდაპარტიული დემოკრატია არ არსებობს, ამიტომაც სულ გვყავს ერთიდაიგივე ფაქტობრივი ლიდერები და მუდმივად მერე ვწუწუნებთ, რომ პოლიტიკური ელიტა ვერ იცვლება. ამ პრობლემიდან გამოსავალი ისევ პოლიტიკოსებმა უნდა მონახონ. ან საზოგადოება იმ დონეზე უნდა განვითარდეს“, - ამბობს „რეზონანსთან“ ძაბირაძე.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში ნამდვილად არსებობს. თუმცა ფიქრობს, რომ ეს პროპორციული სისტემის ბრალი კი არ იქნება, არამედ იმიტომ, რომ ეს მაჟორიტარული სისტემის გამო ხდება. თუმცა პროპორციული სისტემით არჩევნების დროსაც დაზღვეულები არ ვართ, რომ  კორუფციული ფაქტები არ იქნება და სიაში ადგილების გაყიდვა აღარ მოხდება. 

„ყველა მმართველი პარტია ადგილობრივ მაჟორიტარად ბიზნესმენებს წარადგენს– ხოლმე, რომლებსაც, რა თქმა უნდა, საკუთარი ინეტერესები ამოძრავებთ დ აქ ხალხის ბედზე სადარდებლად არავინ იღვწის. ეს ძალიან დიდი ხნის პრაქტიკაა და ამის მიზეზი ორმაგი ინტერესია. ერთი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საკუთარი ინტერესების გამყარება უნდათ, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც ოპოზიციაა და ისინიც სიაში ჩაწერის საფასურად გარკვეულ დაფინანსებას იღებენ.  

ეს დამახასიათებელი არის მაჟორიტარული სისტემისთვის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ გამონაკლისი ამ კუთხით პროპორციული სისტემა იქნება. რა თქმა უნდა, შიდაპარტიული ვაჭრობა წავა და ეს რისკი მაინც იარსებებს. რამაც ამას ხელი უნდა შეუშალოს, ეს არის პარტიული დემოკრატიის  განვითარება, რათა პარტიები ორიენტირებულები იყვნენ, რომ შიგნით საკათრი წევრები ჩასვან სიაში და არა იმაზე იფიქრონ, ვინც უფრო მეტ ფულს გადაუხდის  ის ჩაწერონ“, - აცხადებს ბენიძე. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაშიც არ გაქრება. პირიქით, შესაძლაო ამის გამო შიდაპარტიული დაპირისპირებაც კი წავიდეს და ძალიან ბევრ პარტიაში განხეთქილების მიზეზად იქცეს. 

„საფრთხე არსებობს,  რომ ესა თუ ის დაჯგუფებები ფულის სანაცვლოდ პარტიებში  მოხვდნენ. იგივე როგორც მაჟორიტარის წარდგენის დროს. ერთის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მაჟორიტარების რიცხვი შემცირდება, ეს მანკიერი პრაქტიკა შესუსტდება. თუმცა ამის  სრულიად აღმოფხვრის გარანტია არ არსებობს. პროპორციული სისტემის შემთხვევაში შიდა პარტიული დაპირისპირებები დაიწყება და სიაში მოხვედრის გამო, გარკვეული დაჯგუფებებიც კი შეიქმნება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ფულის გაკეთებას ლიდერები შეძლებენ, ეს კი პარტიის  შიგნით დაპირისპირებას გამოიწვევს“, - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“.  

პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად ბელგიაში, 1889 წელს გამოიყენეს. დღეისათვის არჩევნების სწორედ ეს ფორმა მოქმედებს 50‐ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის არის ისრაელი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და სხვ.

პროპორციული სისტემები ერთმანეთისგან რამდენიმე კრიტერიუმით განსხვავდება. ესენია, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისა და პარტიებს შორის მანდატების განაწილების წესები. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად არის დაყოფილი და რა თქმა უნდა, არის თუ არა დადგენილი საარჩევნო ბარიერი.

პროპორციული სისტემის შემთხვევაში პარტიები ან ბლოკები არა ერთეულ კანდიდატებს, არამედ სიებს წარადგენენ. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს. არსებობს ხისტი სიები, „მოქნილი“ სიები, პრეფერენციები და „თავისუფალი“ სიები.  

ხისტი სიების გამოყენებისას ამომრჩეველი ხმას აძლევს სასურველ პარტიულ სიას მთლიანობაში. სწორედ ამ სახის პროპორციული სისტემა მოქმედებს ესპანეთში, პორტუგალიაში, ისრაელში, რუსეთსა და უკრაინაში.

პრეფერენციული სისტემის პირობებში ამომრჩეველი ხმას აძლევს სიასაც და კანდიდატებსაც, ანიჭებს მათ რიგით ნომრებს (1,2,3,...), რითაც მიუთითებს, კანდიდატების როგორი თანამიმდევრობაა მისთვის უფრო სასურველი. სწორედ ეს მოდელი მოქმედებს ფინეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში.

„მოქნილი“ სიების სისტემა სწორედ წინა ორი სისტემის ნაკლოვანებების გადასალახად შემოიღეს. მისი გამოყენებისას ამომრჩეველს საშუალება აქვს აირჩიოს როგორც პარტიული სია, ასევე განსაზღვროს პრეფერენციები - ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მითითებით. ეს სისტემა მოქმედებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და იტალიაში.

კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ამომრჩეველს ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიები, რომელიც ფინეთის პარლამენტის არჩევისას გამოიყენება. ამ შემთხვევაში ბიულეტენებში კანდიდატთა სია მოცემულია ანბანური თანამიმდევრობით, მაგრამ მითითებულია პარტიულობაც. პარტიებზე მანდატები ნაწილდება მისი წევრი კანდიდატების მიერ მიღებული ჯამური ხმების რაოდენობის მიხედვით, პროპორციული განაწილების წესით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×