
საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმებიდან ერთი კვირის შემდეგ ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ეს ტენდენცია მესამე დღეა გრძელდება და შაბათს 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მედიკოსთა ნაწილი თვლის, რომ თუ დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, შესაძლოა შეზღუდვების აღდგენის აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში.
რაც შეეხება ბოლო დღეებში ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების სავარაუდო მიზეზს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას არ უკავშირებს.
შაბათს კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს და 9 თბილისს უკავშირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, „ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო".
„საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გაუქმებას ეს არ უკავშრდება. ეს უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტებია და არა ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოსვლის ან ხალხთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდნენ, ახალი კლასტერი არაა," - თქვა ალექსანდრე გოგინავამ.
29 მაისს ამუშავდა საქალაქო ტრანსპორტი. 1-ელი ივნისიდან იხსენება სხვადასხვა ტიპის დაწესებულბები. გოგინავას თქმით, ამის შედეგად შესაძლოა იყოს მატება, მაგრამ უმნიშვნელო. ხოლო რამდენად ნეგატიური შედეგი ექნება ამ შეზღუდვების მოხსნას, ეს დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება.
„შედეგს დაახლოებით 2-3 კვირაში ვნახათ - თუ რამდენად ცუდი ეპიდემიოლოგიური ზეგავლენა მოახდინა ამ ყველაფერის ამუშავებამ. შეიძლება ცოტათი გაიზრდოს შემთხვევები, რაც ბუნებრივია, მაგრამ ამას დრამატული ხასიათი არ ექნება, თუ ადამიანები დაიცავენ რეკომენდაციებს: ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება და პირბადის გამოყენება, რაც მთავარია, სწორად გამოყენება. პირბადე არ არის აქსესუარი ან სამკაული, რომ უბრალოდ გვეკეთოს," - თქვა გოგინავამ.