რეზონანსი
31.05.2020

"კომედი ჯგუფის" მსახიობი და სცენარისტი - მიშა ანდღულაძე ძირითადად, მარტო ცხოვრობს. კარანტინის პერიოდში, წიგნის წერაც დაასრულა, რომელზეც 2 წელი მუშაობდა. განქორწინებულია, თუმცა ეს შვილთან ურთიერთობაზე არ ასახულა: 10 წლის მოსეზე დედაც და მამაც აქტიურად ზრუნავენ... მიშას არც ის დაუმალავს, რომ ამჟამად, მის პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი არსებობს...

"კარანტინის პერიოდში, ჩემთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, პირიქით, ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუ იმ მძიმე ვითარებას არ ჩავთვლით, რაც ადამიანებს თავს დაატყდათ... წინათ თუ საკუთარი საქმეებისთვის დრო არ მყოფნიდა, კარანტინის პერიოდი ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა. წიწიბურისა და მაკარონის კიდევ 1 თვის მარაგი თუ მექნება, კარანტინის კიდევ ერთი თვით გაგრძელება მაწყობს - რაღაც საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანე... თან, ბოსტანიც მაქვს. მოსავალიც წამომეწევა... 

კორონავირუსის გავრცელებამდე ე.წ. "A" ტიპის ვირუსი მქონდა, რის გამოც 2 კვირა სახლში ვიყავი. ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად, სახლში ყოფნა ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა, თუნდაც იმის გამო, რომ 1200-გვერდიანი წიგნი "ზურგზე დავაგდე". ვფიქრობ, როგორც კი რედაქტირებას გაივლის, მალევე გამოვცემ. წიგნს 2 წელი ვწერდი. კორონავირუსმა საშუალება მომცა, დამესრულებინა. წიგნის დაწერის სურვილი ბევრად ადრე გამიჩნდა. ამის მიზეზი ბევრია: გარემო, პირადი გამოცდილება, ძიება... თან, ჩემი პროფესია ამ საქმესთან ახლოსაა: 15 წელია, სცენარისტად და მსახიობად ვმუშაობ. წიგნის წერა ჩემთვის რაღაც ახლის მოსინჯვაა. მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს...

კარანტინი შვილთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობართან ერთად გავატარე, მაგრამ, ძირითადად, მარტო ვცხოვრობ. უმეტეს დროს მარტო ვატარებ, რათა დაგეგმილი საქმის გაკეთება მოვახერხო", - განუცხადა ჟურნალ "გზას" ანდღულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×