ტატა შოშიაშვილი
31.05.2020

სომხეთის პრემიერ - მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდვითარებასთან გასამკლავებლად საქართველოს სამედიცინო დახმარებას არ სთხოვს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 28 მაისს განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში და შესაბამისი წერილობითი თხოვნის მიღებისას, საქართველო მზადაა, რომ სომხეთს დაეხმაროს მედიკამენტებითა და სომხეთიდან ინფიცირებული პაციენტების მიღებითაც. თუმცა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არსებობს და მისი ქვეყანა დამოუკიდებლად ახერხებს კორონავირუსის ეპიდემიასთან გამკლავებას.

ამასთან, ფაშიანიანმა საქართველოსა და სომხეთის მეგობრულ ურთიერთობებსაც გაუსვა ხაზი და ამის ერთ-ერთ მაგალითად შარშანდელი შემთხვევა მოიყვანა, როდესაც საქართველოში წითელას „აფეთქებისას" სომხეთმა ჩრდილოელ მეზობელს წითელას 30 ათასი აცრისთვის საკმარისი ვაქცინები მიაწოდა.

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდით და დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან ეპიდემია ჩვენი საერთო დღის წესრიგის საკითხია, ეს საერთო საშიშროებაა და ჩვენ მზად ვართ მჭიდრო თანამშომლობისთვის ჩვენ მეზობლებთან - საქართველოსთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, და რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან", - თქვა ნიკოლ პაშინიანმა.

დაავადებათა კონტროლის საქართველოს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოაცხადა სომხეთის დასახმარებლად:

„თუ ჩვენ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება - ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით - ჩვენ მზად ვართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 28 მაისს განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 783 მიაღწია, მათ შორის 605 გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შედეგით 12 პაციენტის სიცოცხლე დასრულდა.

რაც შეეხება სომხეთს, აქ სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია - ინფიცირებულთა რაოდენობამ 9282 მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 3386 გახდა, ხოლო ლეტალური შედეგით კი 131 შემთხვევა დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×