
„ბოკერია და მისი პარტია ვერასდროს გახდება დომინანტი ოპოზიციურ სპექტრში, ამის არანაირი შანსი არ არსებობს. თუ ეს მოხდა, ჩათვალეთ, რომ ივანიშვილი თავისი „პოლიტბანდით" ისევ რჩება ხელისუფლებაში" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ევროპულ საქართველოს" და მის ლიდერს წამყვანი პოზიცია აქვს ოპოზიციაში, რაც კარგად გამოჩნდა მაჟორიტარ კანდიდატთა შერჩევის პროცესში.
„პირობა დავდე, რომ ამ საარჩევნო კამპანიას მე, თაკო ჩარკვიანი, პარტია „კანონი და სამართლთან" ერთად, წესიერად გავივლიდი. ამ პირობას ვასრულებთ. ყველაფერს პატიოსნად და გულწრფელად ვამბობ და ვაკეთებ. ჩემი მიზანი არ არის პარლამენტში შესვლა. ეს რომ მდომოდა, აქამდე როგორმე მოვახერხებდი. მე არ მინდა 30-წლიანი ნათაღლითარი არჩევნები.
„ამ პროცესში სულ ვახსენებდი გიგა ბოკერიას, რომლის მიზანი იყო, თავისი პერსონა მიაწოდოს მომავალში საქართველოს. ოპოზიციური გაერთიანებაც მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილისა და მისი „ძალა ერთობაშიას" დასანგრევად შეიქმნა. ახლა მიდის ლაპარაკი, რომ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა.
„სააკაშვილი არის დიდი პოლიტიკოსი, მთელ მსოფლიოში ცნობილი რეფორმატორი. ის ეხმარება ქვეყანას რეფორმების გატარებაში, რომელიც იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ისევე, როგორც საქართველო. ეს გაიგო მთელმა ევროპამ და თუ ბოკერიამ ვერ გაიგო, მისი პრობლემაა.
„სულ ვფიქრობ - რას ამოვიჩემე ეს 3%-იანი პარტია-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი გულწრფელი მოსაზრება, რომელიც მე გამოვთქვი „ძალა ერთობაშიას" სამუშაო შეხვედრაზე - გიორგი ვაშაძე იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი მეთქი, ეტყობა, ვიღაცებს არ ეპიტნავათ.
„მე ეს მოსაზრება ვთქვი სრულიად გულწრფელად. თანაც მახსოვდა, რომ 2018 წელს ასეთივე მოსაზრება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილმა. ისიც ვთქვი, რომ გიორგი ვაშაძის მიერ გატარებული რეფორმები იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით ცნობილია მთელ მსოფლიოში. კარგად იმუშავა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც. არ არის სააკაშვილის გუნდის წევრი, აქვს ცალკე პარტია და ა.შ. ანუ მე ვეძებ გამოსავალს, რომ პროცესი მივიდეს ბოლომდე და არ შეგვრჩეს ისევ ივანიშვილი.
„რაც შეეხება დომინანტობას „გაერთიანებულ ოპოზიციაში", გიგა ბოკერია და მისი პარტია ვერასდროს გახდება დომინანტი, ამის არანაირი შანსი არ არსებობს, რეიტინგებიც გამოქვეყნდა და უფრო დაბლა მიდის. თუ ეს მოხდა, ჩათვალეთ, რომ ივანიშვილი თავისი „პოლიტბანდით" ისევ დარჩება ხელისუფლებაში," - განაცხადა „რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.