
ბოლო სამი დღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მკვეთრი მატება შეინიშნება, ინფექციონისტები ამ ფაქტს ვირუსის იმ ფორმებს უკავშირებენ, რომელსაც კლინიკური ნიშნები არ აქვს, ხოლო პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა კი ამაში მეორე ტალღის საფრთხეს ხედავს.
თბილისის „აფეთქების" მიზეზი ე.წ. საბურთალოს კლასტერია, სადაც დღევანდელი 11 კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევიდან რვა ამ კლასტერს მიეკუთვნება, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ყველა კლასტერი შესწავლილია და „საბურთალოს კლასტერის" შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს.
„მე მგონი, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. გარკვეულწილად საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება, თავიდან ბოლომდე. ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება.
"დანარჩენი იცით, რომ ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფელი გეტა და მუშევანი, აქაც ბოლოსკენ გავდივართ. ასეთი შთაბეჭდილებაა და ვნახოთ. ეს ორი კვირა დაგვჭირდება იმიტომ, რომ კიდევ კონტაქტებიდან კვლევისას 14 დღეზე გასული თუ დადასტურებული შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არ მგონია, რომ მერე იყოს ლაპარაკი გამკაცრებაზე.
"კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, არსად არ წასულა ეს კოვიდი, არის ჩვენთან ერთად, ამიტომ, რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, თვითშეზღუდვები დავიწესოთ. ეს არის ყველაზე კარგი გამკაცრებული ღონისძიება თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენს თავებს მოვუფრთხილდეთ, ჩვენს ოჯახებს მოვუფრთხილდეთ, ვიყოთ გარკვეულწილად თვითშეზღდუვებში", - აღნიშნა ეზუგბაიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაიცვან და ყოველთვის ატარონ პირბადეები, განსაკუთრებით დახურულ და საჯარო სივრცეში ყოფნისას.
„დღეს გვაქვს 11 ახალი, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ ცხრა, ეს მოსალოდნელი იყო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყნებში ვირუსის დამარცხება, ეს არის გლობალური პანდემია, ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად.
"ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში, ასევე სივრცეში. ჩვენ ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი. ერთი თბილისში და ერთი მარნეულში, სოფელ მერეთში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ეფექტური კონტროლი ვირუსის გავრცელების, როგორც დროში სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში.
"აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, მაშინ როდესაც ვართ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ეს არის ის სამოქალქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი, ეს ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ.
"იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი უკან დაბრუნების", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახალი ე.წ. კლასტერები კორონავირუსის იმ ფორმებს მიეკუთვნებათ, რომლებსაც მანამდე კლინიკური ნიშნები არ ჰქონდათ.
„ეს ყველაფერი (მეორე ტალღის დასაწყისი) რა თქმა უნდა ვარაუდის დონეზეა, არსებობს ფორმები რომლებსაც მკვეთრი კლინიკური გამოხატულება არ აქვთ ხოლმე, ან ადამიანი ჩვეულებრივ გრიპს აბრალებს. სწორედ ამ კატეგორიის ხალხს უკავშირდება ეს მეორადი ტალღა, არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი, თუ ის ანამნეზურად დამძიმებული არაა, რაღაცა კრიტიკული შეიქმნას.
„სამედიცინო პირბადეები ხალხს უკეთიათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა უფრო ზერელედ უყურებენ ყველაფერს, ყველაფერთან ერთად ამინდიც შეიცვალა და პირბადეების ტარება ცოტა უფრო გაძნელდა.
"თუმცა, საქართველოში სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია და საგანგაშო ნამდვილად არაა" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან რთულადაა, ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში ჯერ ნაადრევია.
„საზღვრების გახსნას საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ - სომხეთშიც უკვე ძალიან აქტიურად ფიქსირდება შემთხვევები. ამიტომ ჩემი აზრით ჯერ საზღვრების გახსნა ადრეა, ადრეა მითუმეტეს ირანთან და ისეთ ქვეყნებთან, სადაც შემთხვევები და ინფიცირების მაღალი დონე დღემდე ფიქსირდება.
"მე მაინც ვფიქრობ, რომ ტურიზმის გახსნა ჯერ ადრეა, მართალია ქვეყნის ეკონომიკისთვის ცუდია, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ თუ მართლა ამის გამო კიდევ ახალი კლასტერები შეიქმნა და ინფექცია ისევ დიდ ტალღად მოგვევლინა, სახელმწიფო ბევრად უფრო დიდ ზიანს მიიღებს, ვიდრე ტურიზმის არარსებობა, თუმცა სადღაც ერთი თვე მაინც უნდა მოვიცადოთ.
„სხვა მხრივ, ისევ და ისევ თავდაცვაა საჭირო, ისევ და ისევ პრევენცია, ისევ და ისევ ინფექციის წყაროსგან მაქსიმალური განცალკევება.
„ზოგადად გრიპის ვირუსი ასე მიმდინარეობს ხოლმე, უბრალოდ ამგვარი მუტაციური ფორმა არ ყოფილა, თორემ, მაგალითად, ამერიკაში ყოველწლიურად მარტო გრიპის ვირუსისგან 600 ათასი ადამიანი კვდება ხოლმე.
„ეს დაუსრულებელი წრე არაა - ჯერ ეს ყველაფერი მაინც გაზაფხულის დონეზე გადის და ნებისმიერ "ა" და "ბ" ტიპის ვირუსულ გრიპის ინფექციას ახასიათებს ასეთი რაღაცეები - რამდენჯერ გაგვიგია, რომ გრიპი შეუბრუნდაო, გრიპი დაემართაო და არასდროს არ ვნერვიულობდით და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ახლა უკვე ყოველი კორონაშემთხვევა ყველასთვის პრობლემატურია და ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს. ამიტომ რამდენიმე შემთხვევა თუ დაფიქსირდა, არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
„სანამ აცრები და იმუნიზაცია არ დაიწყება, მანამდე რაიმეზე საუბარი ცოტა ძნელია, იმიტომ რომ ადამიანს თუ ჩუმად კორონავირუსი გადატანილი არა აქვს, სრულიად ახალ ვირუსთან პრაქტიკულად მოუმზადებელია და რა გასაკვირია, რომ ამ დაავადებით დასნებოვნდეს.
"მაგრამ, როდესაც იმუნური ფენა შეიქმნება, მერე ალბათ უკვე ნელნელა გაივლის, ეს ყველაფერი ალბათ სექტემბრის შემდეგ მოხდება" - განაცხადა ხმალაძემ.