
აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო ტალღა არ ცხრება, რამაც ფართმოსაშტაბიანი სახე მიიღო, - რამდენიმე ქალაქში სიტუაცია ქაოსის დაწყების ზღვარზეა. მომიტინგეები რასიზმს აპროტესტებენ. ამასთან, ეს იმ უმუშევარი ხალხის მასაცაა, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგდა. თუკი ვითარება არ დასტაბილურდება, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ პროცესი შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს და ეს იყოს იმედგაცრუებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხის გლობალური ქაოსის დასაწყისი.
პამდემიის ფონზე, მოსახლეობის დამძიმებულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა ვითარებამ, შესაძლოა პირდაპირი ასახვა ჰპოვოს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგზე, - არსებული ვითარება ტრამპის მეორედ არჩევის შანსს ამცირებს.
მოკლედ აშშ-ში განვითარებულ მოვლენებზე: ზოგიერთ შტატში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა ძალადობრივ შეტაკებებსაც. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს შენობები, დაამსხვრიეს ფანჯრები, დაწვეს პოლიციის მანქანები, რასაც სამართალდამცავების მხრიდან მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიების და ცრელმსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.
ამ აქციების შედეგად აშშ-ის პრეზიდეტმა ულტრა-მემარცხენე ანტი-ფაშისტური ჯგუფის წევრები ტერორისტებად გამოაცხადა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა.
ამასთან, შაბათ-კვირას აშშ-ის 20-მდე შტატის 40-მდე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
განვითარებული მოვლენების მთავარი მიზეზი: რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.
დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაცია დაიწყო, პოლიციელის დაკავება მოხდა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.
აშშ-ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი: „ძალიან ვწუხვარ, ძალიან მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველას ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე ვდგავარ მათთან, ვინც გმობს ჩვენს ქვეყანაში ასე ფესვგადგმულ რასიზმს და ძალადობს ფერადკანიან ადამიანებზე. უკვე საკმარისია!"- თქვა ჯორდანმა.
მაიკლ ჯორდანი მოსახლეობას მოუწოდებს გაერთიანდნენ და აიძულონ ქვეყნის ხელმღძვანელობა შეცვალონ კანონები. „ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას," - აღნიშნა მან.
„საქართველოს პოლიტიკის ინსიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით შტატებში რასობრივი უთანასწორობის პრობლემასთან ერთად თავი იჩინა სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმაც. სწორედ აღნიშნულმა მიიღო მასობრივი ხასიათი.
„ფაქტია, რომ ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გამოაჩინა ის პრობლემები, რაც დაგროვდა კორონავირუსის პერიოდში მსოფლიოსა და მათ შორის აშშ-ში. პანდემიას დაემატა ის პრობლემები, რაც მანამდე არსებობდა, - რასობრივი უთანასწორობის საკითხი და დამატებული, პოლიციის ზედმეტი სიმკაცრე, რაც ცუდ რეაქციას იწვევს აშშ-ში, მითუმეტეს იმის ფონზე, როდესაც ეს ყველაფერი ნახა ბევრმა ადამიანმა, თუ როგორ გადაამატება საკუთარ უფლება-მოვალეობას პოლიციელმა.
„ამ ყველაფერს დამატებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომელიც კორონავირისთან არის დაკავშირებული, - ეს არის გამოძახილი. ამას ემატება დაანონსებული სხვადასხვა ღონისძიებები, რომლის მიზანია შეიცვალოს სისტემა აშშ-ში, შეიცვალოს ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. ეს გაგრძელდება გარკვეული პერიოდი და აშშ-საც მოუწევს რაღაც პასუხის გაცემა. თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი ხისტი პოლიტიკით არ უნდა გააჩეროს მომიტინგეები.
„როგორც კი მოხდება ამის განხილვა საზოგადოების დონეზე, შემდეგ ამას ალბათ საკანონდებლო ცვლილებები მოჰყვება. ამის შემდეგ ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღარ იქნება. თუმცა, დღეს ამ ფაქტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო," - თქვა კაკაჩიამ.
ანალიტიკოს სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აშშ-ში არსებული ვითარება პირდაპირ დონალდ ტრამპის რეიტინგზე აისახება, რაც მის მეორე არჩევას პრეზიდენტის თანამდებობაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ აშშ-ში განვითარებულ მოვლენებში კრემლი დაადანაშაულა, თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ რუსეთი დღეს მისი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, რაც ასევე მძიმე ეპიდემიოლგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება.
„ანტირასისტული გამოსვლები არაერთხელ ყოფილა აშშ-ში და ქვეყანა არაერთხელ ყოფილა პოლიტიკური ძალადობის უშუალო თვითმხილველი. ფლოიდის მკვლელობა იყო უსუსური ანგარიშსწორება, რასაც სამართლიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. თუმცა, ხალხი უკვე გადავიდა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რაც ამერიკულ საზოგადოებაში არსებობს. ფსიქოლოგიური აფეთქებაც ახლდა ამას, - ამ ყველაფერმა პრაქტიკულად წალეკა ამერიკა.
„დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუში და დონალდ ტრამპი გადაიყვანეს სარეზერვო ფონდში, ანუ თეთრი სახლის ევაკუაცია მოახდინეს. თუ სიტუაცია გამძაფრდა, შესაძლოა არმიაც შევიდეს და მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო ტალღის ჩახშობაში.
„ამასთან, „სი-ენ-ენმა" ხელი გაიშვირა რუსეთის სპეცსამსახურებისკენ, თითქოს მათ მოახდინეს ამ საპროტესტო ტალღის გამწვავება. თუმცა, ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან რუსეთს თავისი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიც ჰყოფნის, რადგან ქვეყანაში არის ასევე საპროტესტო ტალღა.
„ამერიკა დგას სერიოზული ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა ტრამპს პრობლემა შეუქმნას მეორედ არჩევის საკითხში," - თქვა მაისაიამ.