
თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, 8 მარტის შეთანხმებას ოპოზიცია ჩაშლილად გამოაცხადებს. ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებას გარკვეულ დროს აძლევენ, - საარჩევნო სისტემაში საკანონდებლო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, რომელიც 21 ივნის გაიმართება, რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თავად ოპოზიციას აყენებს წამგებიან პოზიციაში.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ თუ პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა ციხეს არ დატოვებს, შეთანხმება ჩაიშლება არა ოპოზიციის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი რურუას საკითხი მხოლოდ საბაბია, რადგან „ოპოზიციიდან ერთი პარტია 12 %-იანი, მეორე კი 3 %-იანია, ასეთ ვითარებაში, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა."
კობახიძის თქმით, 21-29 ივნისს უნდა შედგეს კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვა პარლამენტში. მისი თქმით, 1-ელ ივნისს გაიმართა საკონტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა, სადაც იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს საყოველთაო-სახალხო განხილვა. მისივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მეორე კი 13 ან 14 ივნისს აჭარის ტელევიზიით გადაიცემა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნა ძალაში უნდა დარჩეს, თუმცა, ამის პარალელურად, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან თუკი ოპოზიციის გარეშე, კანონპროექტს საკმარისი მხარდაჭერა ექნება, ამას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ამ შეთხვევაში ოპოზიციური სპექტრი წამგებიან ვითარებაში აღმოჩნდება.
„რურუას გათავისუფლების მოთხოვნა უნდა არსებობდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ოპოზიცია აუცილებლად უნდა დაესწროს სხდომას, როდესაც უკვე დაიწყება განხილვები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. არსებობს საფრთხე, რომ ვერ მიიღოს კანონპროექტმა 113 ხმა და საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდეს.
„ოპოზიციის გარეშე, თუკი დამოუკიდებელი დეპუტატები ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, შესაძლებელი იქნება 113 ხმის მიღება. თუმცა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება ბერკეტი თქვას, რომ სწორედ მათ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება და ოპოზიციამ თვითონ არ შეასრულა 8 მარტის შეთანხმება, რადგან არ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესებში. შესაბამისად, ეს ოპოზიციისთვის შესაძლოა წამგებიანი იყოს," - თქვა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ოპოზიციისთვის არჩევნების ძველი სისტემით ჩატარება უფრო მომგებიანია და ოპოზიციონერი ლიდერებისთვის სრულიად მისაღებია კანონპროექტის ჩაგდება. ამ შემთხვევაში მიღებულ შედეგს ოპოზიცია ხელისუფლებას გადააბრალებს და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება საერთაშორისო არენაზე.
„შეთანხმების ჩაშლა ხელისუფლებისთვის წამგებიანი არ იქნება; პარადოქსული ის არის, რომ წამგებიანი შეიძლება არ იყოს და ასევე სასურველიც კი გახლდეს ოპოზიციისთვის, რადგან ოპოზიციას გულმა გაუწია მაჟორიტარული ოლქებისკენ და სავარაუდოა, რომ მაჟორიტარების რაოდენობა მისთვის საკმარისი არ იყოს. თუ მას 30-ზე მეტი მაჟორიტარული ოლქი უნდა, მას ძველი სისტემა უფრო მეტად აწყობს.
„ამიტომაც, გამორიცხული არ არის, ოპოზიციამ საკითხის ისე დაყენება სცადოს, რომ ძველი სისტემით ჩატარდეს არჩევნები, ოღონდ ეცდება, მომგებიან პოზიციაში იყოს, - რურუას გათავისუფლების მოთხოვნით იცავენ ამ პოზიციას და თუ არ გაათავისუფლებენ, ხელს არ მოაწერენ შეთანხმებას.
„ამ შემთხვევაში არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება და ოპოზიცია საარჩევნო კამპანიაში წამოწევს საკითხს, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა პირობები. თუმცა, ეს არ იმოქმედებს ქართულ ამომრჩეველზე, ეს გათვლილი იქნება უცხოელებზე, რომ შემდეგ მათმა უსაყვედურონ ხელისუფლებას პირობების დაუცველობა," - აღნიშნა საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.