
საქართველოში წელს ეკლესიების ძარცვის უკვე მე-5 შემთხვევადაფიქსირდა. ბოლო მსგავსი ფაქტი ორშაბათს ბათუმში მოხდა. ყველა შემთხვევის დროს მძარცველების მთავარი სამიზნე შესაწირის თანხისთვის განკუთვნილი ყუთები იყო.
ორშაბათს ბათუმში ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაძარცვეს. დეკანოზ იოანე გორელიშვილმა „რეზონანსს“ ქურდობის ფაქტი დაუდასტურა. მისი თქმით, ტაძრიდან წაღებულია თანხა და საეკლესიო ნივთები. მძარცველი ტაძარში ღამით, ეკლესიის უკანა კარიდან შევიდა. გორელაშვილი ამბობს, რომ ქურდობის ფაქტი პოლიციას სტიქაროსანმა შეატყობინა, რომელიც მორიგე იყო. მამაო ამბობს, რომ სავარაუდოდ, 100 ლარამდე თანხაა წაღებული.
„საკათედრო ტაძარში ძარცვა ღამით მოხდა. როგორც ჩანს, ღობეზე არის ნაკვალევი და იქიდან იყვნენ გადმოსულები. გატეხილია სასანთლე და წაღებულია თანხა, საეკლესიო ნივთები, რომლებიც იქ იყიდებოდა.
„ეკლესიაში ღამით არის სტიქაროსანი, რომელიც მორიგეობს. პოლიციას სწორედ მან შეატყობინა. დიდი რაოდენობის თანხაზე არ არის საუბარი. ჯვრები და სამაჯურები არის წაღებული. ეკლესიის უკანა კარი არის გატეხილი. ალბათ ასე 100 ლარამდე უნდა ყოფილიყო“ - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.
2 აპრილს დილით ოზურგეთის საკათედრო ტაძარი მრევლს და სასულიერო პირებს გაქურდული დახვდათ. ტაძრიდან შესაწირი ყუთებიდან თანხა მოიპარეს. როგორც მრევლი „რეზონანსთან“ ყვება, პირველად ქურდობის ფაქტი ეკლესიის გასაღებად მისულმა მესანთლემ აღმოაჩინა, რომელმაც ტაძრის კარის გაღების შემდეგ ნახა, რომ შესაწირის ყუთები აღარ იყო.
ეკლესის მრევლი ირაკლი ნინუა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მძაცველებმა მხოლოდ შესაწირი წაიღეს და ხატების ან სხვა საეკლესიო ნივთების არც დაზიანება და არც დარბევა არ მომხდარა. მისი თქმით, მათი მთავარი სამიზნე ფული იყო.
„დილით ნახეს, რომ შესაწირი თანხა ყუთებიდან წაღებული იყო. სხვა ყველაფერი ადგილზეა. არც ხატებია წაღებული და არც სხვა რაიმე საეკლესიო ინვენტარი. ეკლესია დარბეულიც არ არის და ხელი სხვა არაფრისთვის უხლიათ.
„მსგავსი ფაქტი, რომ აქ ეკლესია გაექურდათ, არასდროს მომხდარა. ეს პირველი შემთხვევაა. სავარაუდოდ, ძარცვა მას შემდეგ მოხდა, რაც საღამოს ეკლესიის კარი დაიხურა.
„ტაძრის კარი საკმაოდ რთულად გასატეხი იყო და, როგორც ჩანს, ძარცვის საქმეში კარგად უნდა ერკვევოდნენ. ფაქტი ისაა, რომ რამდენიმე შესაწირი ყუთიდან ფულია წაყებული და არცთუ ცოტა რაოდენობის თანხა უნდა ყოფილიყო“, - ამბობს ერთ-ერთი მრევლი „რეზონანსთან“.
პოლიციამ ამ ფაქტზე არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ამხილეს. უწყების ცნობით, ძმებმა 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
28 მარტს კი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი გაძარცვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ამავე ცნობით ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური.
„წუხელ მოიპარეს სავარაუდოდ. დღეს რომ მოვიკითხეთ, აღარ იყო. თვითონ ტაძრის კარი არ იკეტებოდა, რადგან მშენებარეა და მშენებლები შედიოდნენ. გალავნის კარი იკეტებოდა და, სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იქიდან შემოვიდნენ. წაღებულია მოვერცხლილი საცეცხლური, მაცხოვრის ხატი და მოოქროვილი ტრაპეზის ჯვარი“, - უთხრა მაშინ „რეზონანსს“ ეპარქიის მდივანმა, მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ.
9 მარტს, თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში კი 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი გაქურდვის მიზნით დაარბიეს. მამა ნექტარიოს მჭედლიძემ სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ვარაუდობს, რომ მძარცველები ფულს ეძებდნენ, ხოლო შესწირში თანხის ვერ ნახვის შემდეგ, ტაძარი დაარბიეს.
ჩამოცვენილი იყო ხატები და საეკლესიო ინვენტარი. მამაოს აზრით, ეკლესიაში ფანჯრიდან უნდა შეეღწიათ და ვარაუდობს, რომ არასრუწალოვნები უნდა იყვნენ, რადგანაც პატარა ტანის ადამიანის გარდა იქ სრუწლოვანი ვერ შეეტეოდა.
ამავე წლის 26 იანვარს ღამით, ბათუმში მირქმის ტაძრის სასანთლე გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა შესაწირი ყულაბა გატეხეს და დაახლოებით, 50 ლარი წაიღე, ასევე წაირეს სამი ქილა თაფლი.
ტაძრის მღვდელმსახური ამბობს, რომ მძარცველები ეკლესიის მიმდებარედ, სასანათლეში სავარაუდოდ ლოცვის შემდეგ შევიდნენ.