
„წვრილ პარტიებს კი ჰგონიათ, რომ თანაბრად იქნებიან, მაგრამ ვერ იქნებიან თანაბრად და ეს შეზღუდვა არც არაფერს არ მოუტანს. ეს ინიციატივა საარჩევნო კამპანიაში დიდი ცვლილების მომტანი რა თქმა უნდა არ იქნება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, პარტია „სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ფასიანი პოლიტიკურ რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.
დეპუტატის ინიციატივა ბიუროს 1-ელ ივნისის სხდომაზე დარეგისტრირდა. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არჩევნების თანაბარ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას შეუწყობს ხელს.
ძაბირაძის აზრით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გაუქმება ყველაზე მეტად პიარის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას" აწყობს, თუმცა, მისივე თქმით, რეალურად საარჩევნო კამპანიაში პარტიებისთვის ეს ინიციატივა დიდ ცვლილებას არ მოიტანს.
„დიდ პარტიებს აქვთ როგორც სტრუქტურული, ისე ფინანსური უზრუნველყოფა და რეკლამა თუ შეიზღუდება და ვთქვათ, „ქართული ოცნება" და რომელიმე პატარა პარტია ერთი და იგივე რაოდენობით თუ გააკეთებს რეკლამას, ეს რეალურ შედეგს რა თქმა უნდა არ მოიტანს. ამიტომ ეს ინიციატივა საარჩევნო კამპანიის დროს არა მგონია ასეთი ეფექტური იყოს.
„დიდი ალბათობით, შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობამ, ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, იმიტომ, რომ ეს ერთგვარ გარეგან ილუზიას შექმნის, რომ მსხვილი და წვრილი პარტიების რეკლამებისთვის ფინანსები არ გამოიყენება. ეს ასეთ გარეგან ფასადს შექმნის და რეალობა ხომ ასეთი არ იქნება?! არ გამოიყენებენ რეკლამებს პირდაპირ და რეკლამების გამოყენება მოხდება ირიბად - ახალი ამბები იქნება, თუ ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვება. ხელისუფლება დომინანტი იქნება.
„გარდა ამისა, ეს ფინანსები არ წავა ტელევიზიებში და დაიხარჯება აქტივისტებზე და იგივე შედეგის მომტანი იქნება. ამიტომ ფასადურად ეს თანასწორობის ილუზიას ქმნის, რეალურად კი ვერაფერ პრობლემას ვერ ხსნის და ვერ აგვარებს,
„ხელისუფლებას პიარის თვალსაზრისით ეს აწყობს, ამიტომ, დიდი ალბათობით, შესაძლოა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაცილებით მეტი მექანიზმები აქვს - სახელისუფლებო ვერტიკალი აქვს და არჩევნების დროს ამაზე უფრო უკეთესი რა შეიძლება ჰქონდეს, ყველა რაიონში და ყველა სოფელში სიტუაციას ფლობს. ამიტომ, პოლიტიკური რეკლამა შეზღუდული თუ იქნება და საერთოდაც თუ მოიხსნება, ხელისუფლებას აწყობს.
„წვრილ პარტიებს კი ჰგონიათ, რომ თანაბრად იქნებიან, მაგრამ ვერ იქნებიან თანაბრად და ეს შეზღუდვა არც არაფერს მოუტანს. ეს ინიციატივა საარჩევნო კამპანიაში დიდი ცვლილების მომტანი რა თქმა უნდა არ იქნება", - განაცხადა ძაბირაძემ.