
„მომავალ პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე საუბარი ნაადრევია და არასერიოზულად მიმაჩნია მაშინ, როდესაც ჯერ ცვლილებებიც არ შესულა საარჩევნო კოდექსში", - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია მომავალ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციური ლიდერების განცხადებებს.
„ევროპული საქართველოს" ლიდერ გიგა ბოკერიას განცხადებით, მომავალი პრემიერი ძლიერი ლიდერი უნდა იყოს, რომელიც სხვადასხვა სფეროში რეფორმებს გაატარებს. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს" ამოცანაა, კოალიციაში სიმძიმის ცენტრი თავად იყოს, მომავალი პრემიერი კი - „ევროპული საქართველოს" წევრი.
„გიგა ბოკერიას ასე ცალსახად განცხადება არ გაუკეთებია, რომ მომავალი პრემიერი „ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს. მან თქვა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი კანდიდატი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს. ასევე ფიქრობენ სხვა პარტიებიც.
„ასე რომ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი ნაადრევია და არასერიოზულად მიმაჩნია, მაშინ, როდესაც ჯერ ცვლილებებიც არ შესულა საარჩევნო კოდექსში, შეთანხმება მიღწეული არ არის მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით და ა.შ.
„მომავალი პარლამენტი კი, დიდი ალბათობით, უნდა იყოს მრავალპარტიული, რომელსაც მოუწევს სახელისუფლებო კოალიციის შექმნა და პარტიების შეთანხმებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული პრემიერთან დაკავშირებით", - განაცხადა „რეზონანსთან" თამარ კორძაიამ.