
ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების შერჩევას ვერ ახერხებენ და ეს, სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის კოორდინირებულ მოქმედებასაც კითხვის ქვეშ დააყენებს. დღეს ოპოზიციაში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ საერთო მაჟორიტარების წარდგენა შესაძლოა მხოლოდ „საკვანძო ოლქებში" მოხდეს, მაგალითად თბილისში. ამის ფონზე კი საერთო მაჟორიტარების შერჩევაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
ოპოზიციურ სპექტრს ამჯერად ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო" გამოეყო და საპარლამენტო არჩევნებზე თავისი მაჟორიტარობის კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენას აპირებს. შედეგად, ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობას მხოლოდ 3 ოპოზიციური გაერთიანებ აგრძელებს.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მანამდე მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესიდან გასვლის შესახებ ღიად განაცხადეს კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ" და მოძრაობამ „ლელო საქართველოსთვის". ამ ეტაპზე გაურკვეველია ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოზიცია.
როგორც „რეზონანსთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, ერთიანი კანდიდატების შერჩევას სავარაუდოდ ბურჯანაძეც გამოაკლდება. ამასთან, კონსულტაციის ამ ფორმატიდან „გამარჯვებული საქართველოს" გასვლაში რომან გოცირიძე პრობლემას ვერ ხედავს.
მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს ჯერჯერობით აგრძელებენ: „ევროპული საქართველო", „ლეიბორისტული პარტია" და „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო შეკრებილი ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ პატარა პოლიტიკური პარტიების გასვლა არ გამოიწვევს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების ჩაშლას. მისივე თქმით, მთავარი პოლიტიკური ცენტრი „ევროპული საქართველო," „ნაციონალური მოძრაობა" და მის ირგვლივ შემოკრებილი პარტიებია.
„არ ვიტყოდი, რომ ჩაიშალა. მნიშვნელოვანი არის დიდი პოლიტიკური გაერთიანებების და ძალების პოზიცია. ეს არის „ევროპული საქართველო", რომელიც მომხრეა და ჩვენი პოზიციაა, რომ შეთანხმება შედგეს - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთობა შედგეს. მეორე არის „ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო გაერთიანებული პარტიები.
„ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ გაუმარტივებენ საქმეს „ოცნებას", რადგან ერთობა მაჟორიტარულ ოლქებში მნიშვენლოვანია იმისთვის, რომ დამარცხდეს ივანიშვილი. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც არ აქვთ არც შესაძლებლობა და არც რეიტინგი, მათ გასვლას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სადაც არის ოპოზიციური ცენტრი, იქ უნდა იყოს ამისთვის მზაობა," - თქვა კაპანაძემ.
„ეევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაკლები საფრთხით ივანიშვილის გუნდის დამარცხებას სჭირდება საკვანძო ოლქებში და განსაკუთრებით თბილისში ერთიანი კანდიდატები, მათ შორის ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ძალების მხრიდან".
მისივე თქმით, ამ ტიპის კოორდინაცია საერთო ჯამში ოპოზიციას მატებს ხმებს:
„ვთვლი, რომ საკვანძოა ზოგიერთ ოლქში, განსაკუთრებით თბილისში, კოორდინირება და ერთიანი კანდიდატებით წარდგენა. ეს არის საკვანძო და ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს ან იმუშავებს, ის ზოგ შემთხვევაში ტაქტიკურად სერიოზულად ცდება და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი გვქონდეს ძალიან სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან.
„ვინ რომელია და ვინ როგორია, ეს მალე გაირკვევა, იმიტომ, რომ ეს დისკუსია ახლა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში ამ ტიპის კოორდინაცია მატებს ხმას ჯამში ოპოზიციას და რისკებს გვიმცირებს მთელ ქვეყანას, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის მარცხთან შეგუებასთან," - განაცხადა ბოკერიამ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შესაძლოა გარკვეულ ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი კანდიდატები ჰყავდეთ, ცალკეულ ადგილებზე კი - ერთიანი.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთობა მაქსიმალურად ყველა საკითხის გარშემო შედგეს. აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში. საერთო მაჟორიტარულ ოლქებშიც ჩვენი როლი მნიშვენლოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური.
„თუმცა, ბუნებრივია, შესაძლებელია, ცალკეულ ოლქებში საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ინტერესი იყოს, რომ ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, რომ ამით გონივრულად დავუპირისპირდეთ ოლიგარქს.
„არის ოლქები, სადაც ცალსახად საერთო კანდიდატი უნდა იყოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ კონსესუსის საფუძველზე, სხვა პარტიებთან კონსულტაციების შედეგად," - თქვა ნიკა მელიამ.
მოლაპარაკების ჩაშლის მთავარ მიზეზად ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ოლქებში ადგილების გადანაწილების საკითხს ასახელებს:
„სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი ერთმანეთისგან განსხვავდება და რთულია თანაბარი კვოტები იყოს გადანაწილებული. არ არის გამორიცხული, რომ ესა თუ ის პარტია ითხოვდეს მეტ კვოტას. ოქრუაშვილის პარტიას არ ჰქონდა მაღალი რეიტინგი და შეიძლება ითხოვდა მეტ ადგილს და შესაძლოა ამან გამოიწვია გარკვეული უთანხმოება.
„შესაძლოა ერთიანობის მიღწევა რთული იყოს, მაგრამ „გაერთიანებულ ოპოზიციას" შეძლებს ერთიანობა შეინარჩუნოს და ექნება კოორდინაცია „ევროპულ საქართველოსთან", რადგან ამ ორ პარტიას აქვს შედარებით მაღალი რეიტინგი," - აღნიშნა ჩიტაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.