
ვინ არიან თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც სამშაბათს ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს? მათი დაკავება 2 ბინაში მოხდა, მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ეს ბინები დაახლოებით სამი თქვის წინ იქირავეს - ანუ, საქართველოში ისინი სავარაუდოდ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრის ჩაკეტვამდე შემოვიდნენ. თუმცა, არცერთ მათგანს საბუთებშჳ საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.
ანალიტიკოსები დაკავებულთა შესახებ რამდენიმე ვერსიას განიხილავენ: შესაძლოა ისინი სირიიდან წამოსული ისლამისტი მებრძოლები იყვნენ, რომლებმაც საქართველოს შეაფარეს თავი; შესაძლოა ეს ჯგუფი რომელიმე სამხრეთული ქვეყნის სპეცსამსახურებთან იყოს დაკავშირებული, რომელიც საქართველოს ტერიტორიას თავისი ინტერესებისათვის იყენებს; ან შესაძლოა ისინი თურქეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი ფეთჰულა გულენის მხარდამჭერები იყვნენ.
ეს ბოლო ვერსია შედარებით დამაჯერებლად გამოიყურება იმის ფონზე, რომ სწორედ ამ დღეებში თურქეთში გიულენის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილთა დაპატიმრების მორიგი ტალღა დაიწყო.
ბათუმში 9 თურქეთის მოქალაქის დაკავება ორ სხვადასხვა საცხოვრებელ სახლში მოხდა. ისინი მეზობლად ცხოვრობდნენ. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ ერთი დაკავებული ოაჯხთან - ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, დანარჩენი რვა კი - მათ გვერდით მეზობელ სახლში.
მეზობლების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები 3 თვის წინ გამოჩდნენ და ამ ხნის განმავლობაში მათ შესახებ არავითარი ეჭვი არ გაჩენილა. საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდნენ.
რატომ ვერ მოხდა სამი თვის განმავლობაში აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და როგორ მოახერხეს მათ სახლში იარაღის მიტანა - ჯერჯერობით ამაზე განმარტება არ გაკეთებულა. სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი.
კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამაუკა არეშიზე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როცა ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, რთულია რაიმეზე გადაჭრით ვისაუბროთ. თუმცა, ვარაუდის დონეზე - თუ ვინ არიან დაკავებული პირები და რა მიზნები ამოძრავაებდათ ჩვენს ქვეყანაში - ბევრ ვერსიაზე შეიძება საუბარი.
„ჯერჯერობით რთულია ვთქვათ, არიან თუ არა რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. თუმცა, ის ვერსიაც განსახილველია, რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობლები, არა მარტო თურქები, საქართველოს ტერიტორიაზე თავისთვის სასარგებლო მუშაობას ეწევიან. ჩვენ ყოველთვის მხოლოდ რუსეთზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ამ საქმიანობით დაინტერესებული მხოლოდ რუსეთი არაა. ახლა გასარკვევია რა ტიპის საქმიანობა იყო ეს - რელიგიური, ეკონომიკური, თუ ჰუმანიტრული და სხვა. ამ თემის უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივაციაც იმალებოდეს.
„ამაში ყველა ჩვენი სამხრეთელი მეზობელია შემჩნეული. ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში არაერთი რელიგიური და საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური ორგანიზაცია არსებობს, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები მოიაზრება. ზოგ შემთხვევაში ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არ არის, ეს არის ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. უამრავი ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ და არა მხოლოდ ტერორიზმი“, - აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუკი გაირკვევა, რომ დაკავებული 9 პირი საკუთარ ქვეყანაშიც იძებნებოდა, მაშინ საქართველოში მათი შემოსვლის რამდენიმე გზა შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.
„არ არის გამორიცხული, რომ თურქეთმა ჩვენს სპეცსამსახურებს ინფორმაცია ახლა მიაწოდეს და მათაც დაკავების სპეცოპერაცია განახორციელეს. შესაძლოა ასეც იყოს, რომ ისინი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან, რომელთა დაკავების თხოვნაც თურქეთის სპეცსამსახურებიდან მოდის. არც ისაა გამორიცხული, რომ ისისნი არა თურქეთიდან, არამედ რომელიმე ევროპული ქვვეყნიდანაც შემოსულიყვნენ. ამ შემთხვევაში ეს შესაძლოა საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი სპეცოპერაციაც იყოს. ინფორმაციის სიმწირის გამო, ბევრი ვარაუდი შესაძლოა არსებობდეს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ არეშიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ძალიან რთულია თურქეთიდან საქართველოში გადმოსული ყველა ადამიანი ეჭვის გარეშე გააკონტროლო. მისი თქმით, წლის განმავლობაში საქართველო-თურქეთის საზღვარს 4 მილიონამდე ადამიანი კვეთს. ამიტომაც, თუკი ამ დაკავებული პირების შესახებ ჩვენს სპეცსამსახურებს 3 თვის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და ისინიც არაფერს აშავებდნენ, ძალოვან სტრუქტურებს ასე ღიად ვერ დავადანაშაულებთ.
მისი აზრით, როგორც ჩანს, ქართულმა სპეცსამსახურებმა კონკრეტული ოპერატიული დაკვირვების, ან ინფორმაციის საფუძველზე მათი დაპატიმრება გადაწყვიტა. ხოლო არიან თუ არა ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, ჯერჯერობით რთული სათქმელია. მისი აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ ისინი უბრალოდ საკუთარ ქვეყანაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები არიან, რომლებიც საქართველოში იმალებოდნენ.
„ალბათ სჯობია გამოძიებას დაველოდოთ. წინასწარ ვერსიების გამოთქმისგან მაინც თავი შევიკავოთ. ბევრი ვერსია შეიძლება ამ ადამიანების შესახებ არსებობდეს, თუ საქართველოში რა კონკრეტული მიზნებით იმყოფებოდნენ. თურქეთ-საქართველოს საზღვარს წელიწადში დაახლოვებით 4 მილიონამდე ადამიანი კვეთს. ამიტომაც საქართველოში რამდენი თურქიც შემოდის, თუ მათ შესახებ მათივე ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ჩვენებს ინფორმაცია არ აქვთ, ქართველები როგორ გაიგებენ ვინ არიან, თუ მათი გადამწომება რამე ეჭვის საფუძველზე არ მოხდა?!
„ეს ხალხი ამ 3 თვის განმავლობაში თუ არაფერს აშავებდნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ, ჩვენებს ხომ ასე არ დაესიზმრებოდათ. ანუ, როცა რაღაცა ინფორმაცია მიიღეს, მათი აყვანაც მაშინ მოხდა.
„იარაღს რაც შეეხება, ორი ვარიანტი არსებობს - ან იარაღით შემოვიდნენ, ან აქ იყიდეს. თუ აქ იყიდეს, არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს მოხდა მათი კონტროლზე აყვანა. ანუ, ბევრი ვერსიები შეიძლება განვიხილოთ“,-აცხადებს „რეზონანსთან“ უტიაშვილი.