
„კანონში წერია, კონსტიტუციით ვალდებული ხარ, ანგარიშვალდებული ხარ პარლამენტთან, მიდი და გაეცი პასუხი და თუ არ შეგიძლია, ნუ ინიშნები მინისტრად, წადი, გახსენი სტომატოლოგიურიუ კაბინეტი და იქ იმუშავე." - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისადმი საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადადების თხოვნით მიმართვას.
შეგახსენებთ, რომ მინისტრს მწვავე კითხვებით ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებიც" ელოდებოდნენ, მათ ჯანდაცვის სფეროს გარდა კითხვები დასაქმებისა და სოციალური დახმარების კუთხით ჰქონდათ.
ტიკარაძემ სამშაბათს წერილობით მიმართა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს და მოსმენის ივნისის ბოლოსთვის გადადება ითხოვა. ამის მიზეზად მინსტრმა ის დაასახელა, რომ 25 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში მოიცავდა იმ ეპიდემიოლოგიური ინსტრუმენტების და მაჩვენებლების დეტალურ მიმოხილვას, რასაც სამინისტრო პასუხის დაგეგმვისთვის იყენებს და უწყება ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები.
ფოფხაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი დადგმული იმისათვის, რომ ტიკარაძემ მწვავე კითხვებზე პასუხს თავი აარიდოს.
„აქ, როგორც ჩანს, უბრალოდ პროცედურას იცავდნენ. რომ ეთქვათ, რომ საერთოდ არ მოდის, არ გამოდიოდა. გათამაშდა ეს სცენა, რომ ვითომ დღის წესრიგში შევიდა, მერე მან გამოუგზავნა თხოვნა, რომ გადადეო. რეგლამენტით აქვთ ამათ აქვთ უფლება, რომ თუ კომიტეტიც თანახმაა, შეუძლიათ გადადონ. გადადებენ და ისე დამთავრდება ამ პარლამენტის ვადა, რომ პარლამენტის წევრები ვერ მიიღებენ იმ კითხვებზე პასუხსებს, რა კითხვებიც ისმება.
„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მინისტრის მხრიდან ასეთი ქცევა სწორი და ადეკვატურია, მგონია,რომ ეს პარლამენტის შეურაცხყოფა და კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუციები არ არსებობს და არავინ არავისთან ანგარიშვალდებული არაა.
„კანონში წერია, კონსტიტუციით ვალდებული ხარ, ანგარიშვალდებული ხარ პარლამენტთან, მიდი და გაეცი პასუხი და თუ არ შეგიძლია ნუ ინიშნები მინისტრად, წადი გახსენი სტომატოლოგიური კაბინეტი და იქ იმუშავე.
„მას არათუ კითხვებზე პასუხი, ზოგადად ეგ ადამიანი პარლამენტში რომ მინისტრის რანგში გამოჩნდა, კითხვებს რომ იწერდა, მერე მოადგილეები და სამინისტროს წარმომადგენლები პასუხებს უწერდნენ... მე მესმის, რომ ეს პროცესი მისთვის ძალიან უხერხული იქნებოდა. მაშინ ნუ გადიხარ მინისტრად, რაიმე სხვა აკეთე", - განაცხადა ფოფხაძემ.