
„ე.წ. ოპოზიციას დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ ჰაყვს ლიდერი, რომელსაც საკმარისი ქარიზმა ექნება მოახდინოს მასების მობილიზება. სააკაშვილს დარჩა ტრადიციულად თავისი 10-12%. სხვას ესეც არ გააჩნია, ბოკერია-უგულავას პარტიას საერთოდ ნულოვანი რეიტინგი აქვს, სხვებზეც იგივე შეიძლება ითქვას. ამ პირობებში, თუ "ოცნებამ" უშუალოდ არჩევნების წინ რაიმე დიდი სისულელე არ ჩაიდინა და პოლიტიკური ხარაკირი არ გაიკეთა, შეუძლია გაიმარჯვოს" - ასე აფასებს პეტრე მამრაძე არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკაში შექმნილ ატმოსფეროს.
„დღევანდელი პარლამენტი ეს არის მილიონერთა თავშეყრის ადგილი და ე.წ. ოპოზიციას და პოზიციას აქვთ დიდი სოლიდარობა ფულის კეთების საქმეში. მეორე მხრივ, მათ სჭირდებათ სპექტაკლების დადგმა, რათა არ დაკარგონ პოლიტიკოსის ნიღაბი. სწორედ ეს განაპირობებს ატმოსფეროს პარლამენტში და იმას თუ ვინ დრჩა დღეს ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკაში დარჩნენ ისინი, ვინც შოუს გაცილებით მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე კომპეტენტურ გამოსვლას. ისიც კარგად იციან, რომ დაპირსპირების იმიტაციით, თუნდაც ლანძღვა-გინებით, ფიზიკური შეხლა-შემოხლით, გაცილებით მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობენ და თავს დაამასხოვრებენ, ვიდრე კარგად მომზადებული გამოსვლით, ამიტომ არჩევნებამდე ბევრი სპექტაკლი და შოუ იქნება.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, საქართველო კვლავ რჩება იმ ქვეყნების რიგებში, სადაც არჩევნების ბედი შეიძლება კენჭისყრამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადაწყდეს და მანამდე გაკეთებული პროგნოზი არ გამართლდეს. თუმცა დღეს არსებული გარემოებებით, მმართველი დაჯგუფების ხელშია მთელი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული ფინანსური ელიტები, მდიდარი ადამიანები, მხარს უჭერენ ივანიშვილს (გარდა ხაზარაძისა, რომელმაც პარტია შექმნა არა პოლიტიკური ამბიციების გამო, არამედ საკუთარი ბიზნესის დასაცავად)," - ამბობს მამრაძე.