თამთა ჩაჩანიძე
03.06.2020

„მათი პოლიტიკაში შემოსვლა კარგს არაფერს მოიტანს. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ დღევანდელი წინასაარჩევნო პროცესი ძალიან წააგავს გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო არჩევნებს. ღმერთმა არ ქნას, რომ სიტუაცია დაპირისპირებამდე მივიდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ქართული მარშის" პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ჩართვას.

„რეზონანსი": თქვენი აზრით, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას და ოლქებში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენას?

ვახტანგ მაისაია: ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს - ფაქტობრივად პირველად მოხდა, რომ „გაერთიანებულ ოპოზიციაში" სიტუაცია დაიძაბა და პირველი სერიოზული პოლიტიკური უთანხმოება პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატის გამო მოხდა; მეორე დაძაბულობის კერა ჩრდილოვანი მთავრობის წარმოქმნის იდეამ შექმნა, რომელსაც გარკვეული პარტიები ლობირებენ; მესამე მომენტი კი, როგორც მე მივხვდი, ის არის, რომ პირველ ტურში, როგორც ჩანს, ყველა ცდილობს, ასე ვთქვათ, თავისი საბანი მოირგოს. როგორც ჩანს, კონსენსუსი ხდება იმაზე, რომ თუ მეორე ტურის საჭიროება დადგა, მეორე ტურში კონსენსუსს მიაღწიონ.

როცა არჩევნებამდე მივიდა საქმე, ეს პრობლემები წარმოიქმნა, ჩრდილოვანი მთავრობის იდეა ცუდი არაა, ეს ბრიტანეთში საკმაოდ მიღებული ფორმაა, თუმცა ამაშიც ვერ მოხდა შეთანხმება და რეალურად გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობას", როგორც ჩანს, ამბიციები აქვს, რომ ლიდერობის პოზიციები დაიკავოს. როგორც ჩანს, მათ თანხაც გააჩნიათ და უკვე მათი მოთხოვნის ვარიანტი ესაა, რომ ფაქტობრივად მათ უნდათ, რომ „მუსიკა დაუკვეთონ". აქ აღმოჩნდა მათი ამბიციები, რომ უნდათ, მათი დიქტატის ქვეშ იყვნენ ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლები.

„ნაცმოძრაობას" ცოტა რამსები აერია იმიტომ, რომ ეს მომენტი კონსენსუსური უნდა ყოფილიყო და არა ისეთი, როგორიც მათ სურთ. როგორც მე ვხვდები, „ნაცებს", „ევრონაცებსა" და ნათელაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, შესაძლოა, გარედან არ ჩანს, მაგრამ მეორე ეტაპზე უკვე ამ დონის დაპირისპირება შესაძლოა შეიქმნას. თუ ვცდები, ამას დრო აჩვენებს, ანუ შალვა ნათელაშვილი ძალიან საეჭვოდაა გაჩუმებული, განცხადებებს არ აკეთებს და ბოლო ამბებზე ხმას არ იღებს. მგონია, რომ განაწყენებულია და როგორც ჩანს, რაღაც ამბიციები აქვს, რომელიც მას არ დაუკმაყოფილეს.

ცოტა მეეჭვება, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ 30-ვე მაჟორიტარი გაიყვანოს და ყველა ოლქში გაიმარჯვოს იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" გარკვეული რეზერვები გააჩნია, ადმინისტრაციული და ასევე ის, რომ მათ გამოიყვანონ მძიმეწონიანი ადამიანები უშუალოდ მაჟორიტარულ ოლქებში, ამიტომ ოპოზიციის მიერ მაჟორიტარებზე ბრძოლა შეიძლება იყოს ბრძოლა ქარის წისქვილებთან. მთავარია, პროპორციულს რამდენს აიღებენ, იმიტომ, რომ პროპორციული უკვე დომინანტი იქნება.

„რ": მოძრაობა „ქართული მარში" პოლიტიკურ პარტიას ქმნის და არჩევნებში მონაწილეობას აპირებს...

ვ.მ: უკვე ულტრანაციონალისტები გამოდიან, რომლებსაც, მგონია, გარკვეულწილად, ამომრჩევლები ეყოლებათ, აქ უკვე რადიკალური იდეოლოგიური დაპირისპირება შემოდის. მე რომ ვაკვირდები, „ნაცები" და „ევრონაცები" ფაშისტური ტიპის იდეოლოგიას ავითარებენ, მათ გარკვეული ტელევიზიები საინფორმაციო ომის ინსტრუმენტებად გადააქციეს.

ულტრანაციონალიზმი - ესაა სწორედ იმ ულტრალიბერალიზმის გამოძახილი, დაჯგუფებებმა, რომლებმაც ეკლესიისა და ნაციონალური ფასეულობების წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს. ზუსტად ამან გამოიწვია ავანსცენაზე მეორე ულტრარადიკალური დაჯგუფებების გამოჩენა, ვინ დგას ამის უკან, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

აქ გეოპოლიტიკური ელემენტებიც გამოჩნდა, ანუ დასავლური გავლენის სფეროების ერთგვარი შემცირება და სხვა გეოპოლიტიკური მდგენელების გამოჩენა. მათი პოლიტიკაში შემოსვლა კარგს არაფერს მოიტანს. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ დღევანდელი წინასაარჩევნო პროცესი ძალიან წააგავს გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო არჩევნებს. ღმერთმა არ ქნას, რომ სიტუაცია დაპირისპირებამდე მივიდეს.

„რ": აშშ-ის მოვლენებზე რას იტყვით, რომელიც მინესოტას შტატში პოლიციელების მიერ აფროამერიკელის მკვლელობას მოჰყვა?

ვ.მ: როგორც ჩანს, ტრამპმა ძალიან საშიში თამაში დაიწყო. ძალიან არ მომეწონა, როდესაც მან სამხედრო შენაერთების მობილიზაცია დაიწყო. თქვა, რომ არმიას გამოიყენებდა, აქ უკვე ამერიკის სამხედრო ელიტის დილემურ დონეზე დაყენება სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია. ეს ძალიან საშიში გადაწყვეტილებაა, როგორც ვიცი, პენტაგონმაც გააკეთა განცხადება, რომ არმია შიდა პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს, ანუ იმის მაგივრად, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა.

თუ არ ვცდები, ბარაკ ობამას დროსაც იყო ანალოგიური სიტუაცია, თუმცა მაშინ ლოკალიზაცია მოხერხდა. დღეს ამის მაგივრად ისე ჩანს, რომ ტრამპი ცეცხლზე ნავთს ასხამს. მთავარია, ეს გამოსვლები სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს იმიტომ, რომ იქ ჩანდა, რომ რაღაც მესამე ძალაც გამოდის, თვითონ მოქალაქეები იცავენ თავს და ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს.

სიტუაციას განმუხტავს ის, რომ ტრამპმა ეროვნული მიმართვა უნდა გააკეთოს და დამნაშავე ვინცაა, მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ რასიზმის ნიშნები აღარ იყოს. ეს მას წინასაარჩევნო კამპანიისთვისაც წაადგება, ერთგვარი მხსნელის როლი ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×