თამთა ჩაჩანიძე
04.06.2020

თბილისში ყვავების ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელშიც კი გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს მათი აშკარა აგრესიულობა, რის გამოც შეშინებული მოქალაქეები ყვავებისგან თავის დაღწევას ცდილობენ და კივილ-წივილით გარბიან.

ერთ-ერთი დაზარალებული თბილისში ბაქტერიოფაგის შენობაში მდებარე ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომელია, რომელიც აცხადებს, რომ მას ყვავები სამსახურში მისვლისას ჯერ კიდევ პარასკევს დაესხნენ თავს, ამბობს, რომ ძალიან აგრესიულები არიან და ადამიანის დანახვაზე პირდაპირ თმებისკენ იწევენ.

„პარასკევს რომ სამსახურში მივდიოდი, სანამ შევიდოდი სამუშაო ოთახში ორი ყვავი დამესია, დამჩხაოდნენ - ჯერ ვთქვი, რომ რას მთარსავენ მეთქი, ასეთი აგრესიულები თუ იქნებოდნენ, არ მეგონა, ასე ძლივს შევედი ჩვენს ოფისში.

„საღამოს სამსახურიდან რომ წამოვედი, ასე 7 საათი იქნებოდა, ჯერ ერთი ყვავი თავზე შემომიფრინდა, მე სულელივით ხელებს ვიქნევდი, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, მერე, მეორე აგრესიულად წამოვიდა, ასე, სამი წრე დამარტყეს და წამოვიდნენ ისევ ჩემსკენ და კინაღამ თმებში მეცნენ.

"თავზე ჩანთა დავიფარე და კივილ-წივილით გავვარდი, ასე ყოველდღე მეორდება - მე იმ დროს დამემართა, როცა ჯერ ამის შესახებ ქალაქში ამბავი არ იყო, ეს იყო ბაქტერიოფაგის ტერიტორიაზე.

„კი დაფრინავენ ყვავები ადრეც, მაგრამ ასეთი აგრესიულები არასოდეს მინახავს - ჩემი თანამშრომელი ყვიროდა, რომ ბაქტერიოფაგის თანამშრომელმა შენობაში ვერაფრით ვერ შეასწროო, იმას პირდაპირ თავს დაესხნენ და დღეს, რომ წამოვედი უკვე ქოლგა წამოვიღე შიშით და ხელში მეჭირა, თუ ქოლგას გახვრიტავდნენ, მაინც რაღაცნაირად თავს დავიცავდი, ვესროდი ან რაღაცას ვიზავდი.

„საშინლად აგრესიულები არიან, ასეთი აგრესია ყვავისგან არასდროს არ მინახავს, ადამიანის სხეულთან ისეთი სიმდაბლით შემოდიან, თავისკენ იწევენ, რომ ფაქტიურად ინტერვალი ორი თითის დადებაა, დიდები არიან და ჩემი აზრით თავისუფლად შეუიძლიათ, რომ ადამიანი დააზიანონ, მაგათმა ცემა იციან და დღეს ჩემმა თანამშრომელმა დაინახა, რომ აგრესიულები მთელი ძალით ხეს თავს ურტყავდამნენ" - განაცხადა დაზარალებულმა.

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ყვავებს ის პერიოდი აქვთ, როდესაც მათი ბახალები ფრენას იწყებენ და ისინი ამ ქცევით მათ ნაშიერებს იცავენ.

„ეს არანაირი შემოსევა არ ყოფილა, ეს ჩვეულებრივი ამბავია - ახლა მათ აქვთ ის პერიოდი, როდესაც ბახალები ფრენას იწყებენ, ზოგ შემთხვევაში ეს ფრენა წარუმატებელია ხოლმე და ქვემოთ ვარდებიან და მშობელი ყვავები თავიანთ შვილებს იცავენ ხოლმე.

„საფრთხე არ გვემუქრება. ეს ყოველ წელს ხდება, წელს ხალხი დაძაბულია და ყურადღება მიაქციეს, ასეთი თავდასხმის შემთხვევები თითქმის ყოველ წელსაა, შარშანაც იყო. თავდასხმა რა თქმა უნდა სასიამოვნო არაა, შესაძლოა მსუბუქი დაზიანებები მიაყენოს, მაგრამ სერიოზული არაფერი შეუძლიათ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყვავები თავიანთ ნაშიერებს იცავენ" - განაცხადა გურიელიძემ.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფორტუნასთან" საუბარში აცხადებს, რომ მომხდარში გასაკვირი არაფერია, რადგან ასეთი ქცევა ყვავებს იშვიათად, მაგრამ ახასიათებთ.

„საქართველოში ყვავები ინფექციური დაავადების გადამტანები არ არიან. ამიტომ ყვავის ნაკაწრის გამო სპეციფიური ჩასატარებელი ღონისძიებები არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოველთან და ფრინველთან ასეთი მჭიდრო შეხების შემდეგ აუცილებელია, ადამიანი ყურადღებით იყოს ხოლმე.

"დღეში რამდენჯერმე ტემპერატურა უნდა გაიზომოს, მაგრამ განსაკუთრებული პრევენცია გასატარებელი არაა.

"ამერიკაში იყო ეპიზოდი, როდესაც ყვავებისგან ვრცელდებოდა ინფექცია, რომელსაც დასავლეთ ნილოსის ინფექცია ერქვა. ჩვენთან ამ ტიპის ინფექცია არ ვრცელდება, ამიტომ ყვავები ამ მხრივ საშიშები არ არიან" - აღნიშნა ინფექციონისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×