
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ოფიციალურად უკვე 6 თვეა არსებობს, მეცნიერებმა დღეს ცოტა რამ იციანი ამ ვირუსის შესახებ, თუნდაც, რამდენად იცვლის სახეს კლიმატური ზეგავლენისას და კლავს თუ არა მაღალი სიცხე კოვიდ-19-ს. დღევანდელ მედიცინას, რომელიც მაღალგანვითარებულ დარგად ითვლება, რეალური დასკვნების გაკეთება არ შეუძლია და რაიმე კონკრეტული მიღწევა ამ მიმართულებით, სამწუხაროდ არ გააჩნია.
მედიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლიდა, რომ ზაფხულის მაღალი სიცხე ვირუსს გაანადგურებდა, ან სულ ცოტა კორონავირუსი უკან დაიხევდა და გავრცელების მაღალი ალბათობა შემცირდებოდა, თუმცა, დღეს სხვა რეალობა გვაქვს. მაგალითად, მეზობელ სომხეთში, სადაც ზაფხულის სიცხეები უკვე დაიწყო, ეპიდვითარების კუთხით მეტად რთული მდგომარეობაა და ინფიცირების შემთხვევები კატასტროფულად იზრდება.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვირუსზე მაღალი ტემპერატურა არ მოქმედებს. ამასთან, კაცობრიობამ ცოტა რამ იცის ამ ვირუსის შესახებ.
„არ მგონია, რომ ეს ვირუსი ძალიან იყოს დამოკიდებული კლიმატურ ტემპერატურაზე. ვხედავთ მეზობელ სომხეთში რამხელა აფეთქება არის, მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო ტემპერატურაა.
„საკმაოდ ნელა იძენს კაცობრიობა ცოდნას ამ ვირუსის შესახებ. არ გაგვაჩნია სრულყოფილი ინფორმაცია, - რამდენად მყარი იმუნიტეტი შეიძლება გამომუშავდეს, რამდენად იმოქმედებს ეს იმუნიტეტი შემოდგომის სეზონზე.
"მედიკამენტებზე და ვაქცინებზე სერიოზული მუშაობა მიდის და როგორც ამბობენ, წინსვლა აქვთ. თუმცა, ჯერჯერობით კაცობრიობა ამ ვირუსზე ინფორმაციას ჯერ კიდევ აგროვებს," - თქვა სურგულაძემ.
„რეზონანსის" კითხვაზე, რატომ არის ახლა ლათინური ამერიკა პანდემიის კერა და რა ხდება სომხეთში ისეთი, რომ ვითარება ასე კატასტროფულად იცვლება - აღნიშნა, რომ საქმე წესების დაუცველობას უკავშირდება. თანაც ისეთი მკაცრი რეგულაციები, როგორიც მაგალითად საქართველოს ჰქონდა, სომხეთში არ არსებობს.
„მაგალითად, ბრაზილიაში ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ სუსტია. ამასთან, მჭიდრო დასახლებაა, ცხოვრობენ დიდი ოჯახებით. ადამიანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით.
„რაც შეეხება სომხეთს - ის წესები, რაც საქართველომ დაიცვა, მეტ-ნაკლებად ასეთი მკაცრი შეზღუდვები არ არსებობდა და ალბათ არ იცავდნენ წესებს ისე, როგორც უნდა დაეცვათ," - თქვა სურგულაძემ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტია გავრცელება, ვირუსი მით მეტად ძლიერდება. ერთადერთი, რაც კაცობრიობამ ნამდვილად იცის ამ ვირუსის შესახებ ის არის, რომ ყველაზე მაღალი გავრცელება დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებშია.
„ერთადერთი მიღწევა ის არის, რომ ეს ვირუსი მოქმედებს, ცუდი თვალსაზრისით, ძირითადად იმ ადამიანებზე, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაბალი. ეს კი გამოწვეულია გარკვეული დაავადებებით.
"არსებობს იმუნური ფენა ქვეყნების მიხედვით. რაც უფრო მაღალგანვითარებული იყო ქვეყანა, მით უფრო მეტი მსხვერპლიც იყო და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში უფრო გავრცელდა ეს ვირუსი.
„მაინცდამაინც დიდი გავლენა სიცხემ და ტემპერატურის მატებამ არ მოახდინა. ჩვენთანაც არის ახალი შემთხვევები და ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, რადგან წინა ეპიდემიური სიტუაციების დროს მეტ-ნაკლებად მართლა იმოქმედა ტემპერატურის მატებამ.
„თუ ხდება ვირუსის მასიურად გავრცელება, მეტად მოქმედებს და უფრო მძიმე შემთხვევები გვაქვს - ანუ პასაჟირების შედეგად უფრო მეტად ძლიერდება ვირუსი. ამასთან, ჯერ ვერ ვისაუბრებ რამდენად ეფექტური იქნება აცრები. კონკრეტული პრეპარატიც სამწუხაროდ არ არსებობს," - აღნიშნა ხმალაძემ.
რაც შეეხება ლათინური ამერიკასა და მეზობელ სომხეთში არსებულ მდგომარეობას, მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, წესების დაუცველობამ საკმაოდ მძიმე ვითარებამდე მიიყვანა ქვეყნები.
„ალბათ ჯერ კიდევ არ იყო შეღწეული ვირუსი ისე, რომ ასეთი სახე მიეღო. შესაძლოა თვითონ ვირუსი იცვლება გარკვეულ არეალში მოხვედრის შემდეგ. ან ძლიერდება ან პირიქით.
„საქართველოში არაფერი გამოუვიდა, თორემ სხვაგან აშკარად გაძლიერდა. ანდა ეპიდემიური თვალსაზრისით დაუცველობას ჰქონდა ადგილი, მოსახლეობამ არ გაითვალისწინოს რჩევები და ამიტომ მოხდა ვირუსის გამრავლება," - აღნიშნა ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.