
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა შევიდა - ამის შესახებ ინფორმაცია ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსს" მიაწოდა. მისივე თქმით, რუსები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ ზრდიან. თუ რა ტექნიკაზეა საუბარი და რეალურად, რისთვის ემზადებიან ოკუპანტები, ამ დეტალებზე მაისაია საუბრობს.
ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ოთხი ტიპის სამხედრო სისტემაზეა საუბარი. გარდა ამისა, რუსებმა ოკუპირებულ რეგიონებში 500 ახალი მოდერნიზებული შეიარაღება განათავსეს. მისი თქმით, სწორედ ასეთი სახის სამხედრო შეიარაღების შედეგად იღებს ქართული მხარე მცოცავ ოკუპაციას.
ამასთან, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რუსეთის მხრიდან რაიმე სახის ესკალაციის მცდელობას ჰქონდეს ადგილი.
„რა ტექნიკაა არ აკონკრეტებენ, მაგრამ, სავარაუდოდ დამრტყმელ, საარტილერიო სისტემებზე, მძიმე საბრძოლო ტანკებზე, უპილოტო თვითმფრინავებსა და ახალი ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზეა საუბარი, - სუ-34-ისა და მიგ-31-ის განთავსებაზე.
"ამასთან, წვრთნები უნდა ჩატარდეს 49-ე და 58-ე არმიაში. ივლისსა და აგვისტოში რუსეთის ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა „სამხრეთი" მუდმივი მომზადების წვრთნებს ჩაატარებს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერტორიასაც მოიცავს.
„ამას დამატებული 500 ახალი მოდერნიზირებული შეიარაღების ერთეულებია განთავსებული და სწორედ ასეთი სამხედრო შესაძლებლობების საფუძველზე ხდება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება. რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამ პერიოდში, პანდემიის პირობებში, ატარებენ წვრთნებს და ამას დამატებული სამხედრო შენაერთების ზრდის ტემპებს ავითარებენ" - თქვა ვახტანგ მაისაიამ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართელოს პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა 15-დან 13-მდე შესაძლოა, შემცირდეს. რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტში აღნიშნულია, რომ უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები, რაც ვახტანგ მაისაიასთვის სრულიად მიუღებელია. როგორც მან აღნიშნა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაუქმებამ ქვეყანას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოუტანოს.
„მივმართავ საქართველოს მთავრობას, ამ ვითარებაში კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაუქმება საპარლამენტო დონეზე, კატასტროფის მანიშნებელია. ვერ ვაცნობიერებთ რა მნიშვნელობა გააჩნია ამ კომიტეტს, თორემ ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით. იმედია, კავკასიის საკითხების კომიტეტი არ გაუქმდება, რადგან ჰაერივით გვჭირდება, - ეროვნული უსაფრთხოების სივრცეზე პოლიტიკური სტრატეგიის შექმნას უწყობს ხელს.
„ასეთი ტიპის ინფორმაცია, რაზეც ვსაუბრობ, სწორედ ამ კომიტეტს უნდა ჰქონდეს. ეს არის ამ კომიტეტის არსებობის მთავარი არსი. მოახლოებული საფრთხის ფონზე, კავკასიის კომიტეტის გაუქმებას კატასტროფული შედეგი ექნება.
„აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თურქეთმა უკვე შეისყიდა რუსეთისაგან ერთი მილიარდი დოლარის შეიარაღება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია. უკვე იკვრება მოსკოვი-ანკარის სტრატეგიული ხაზი. ეს გეოპოლიტიკური თანამშრომლობის ღერძი, რომელიც უკვე შეკრულია, რამდენად იქნება სარგებლის მომტანი საქართველოსთვის, მსჯელობა თქვენთვის მომინდვია," - თქვა მაისაიამ.