თამთა ჩაჩანიძე
05.06.2020

„საინტერესო და საკითხავი ისაა, არის თუ არა ეს სააკაშვილთან შეთანხმებული, თუ ეს არაა შეთანხმებული, მაშინ პრობლემები იქნება ამ საკითხთან მიმართებაში და შესაძლოა ნიკა მელიას პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინონ, თუმცა ვნახოთ, ზოგადად სვლა სწორია" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ნიკა მელიას განცხადებას სხვა ოპოზიციური ძალებისთვის თბილისის ექვსი საარჩევნო ოლქის დათმობაზე.

მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქიდან კანდიდატებს მხოლოდ ორში - გლდანსა და სამგორში - წარადგენს, ხოლო საარჩევნო კამპანიას უკვე შაბათიდან დაიწყებს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება სწორია, თუმცა მთავარია ეს განცხადება განხორციელდეს.

„ეს ყველანაირი თვალსაზრისით ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, გნებავთ პიარის თვალსაზრისით და გნებავთ იმ მოტივით, რომ თბილისში მაინც ზოგადი პროცესი მიმდინარეობს, თბილისში მაჟორიტარები პარტიულ სიისთვის მიცემულ ხმებზე ისეთ გავლენას ვერ ახდენენ, როგორც ეს რეგიონებში ხდება.

თბილისი რეგიონებთან შედარებით ძალიან ინფორმირებულია, ასე რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, და ნაბიჯი სწორი მიმართულებითაა გადადგმული, თუ რა თქმა უნდა ეს ბოლომდე შენარჩუნებული და მიყვანილი იქნება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით ეს მხოლოდ და მხოლოდ სწორი განცხადებაა, თუ ამას ოპოზიცია შეინარჩუნებს, ეს იქნება მათთვის წარმატებული.

მელიას განცხადებაში პარტიის შიდა შეთანხმება ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენადაა ეს სააკაშვილთან შეთანხმებული, თუ ის არაა შეთანხმებული მასთან, ან თუ ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა... კი, დღეს ითქვა, რომ ორ ოლქს ვიწყებთო და სრულიად გასაგებია, კარგია, მაგრამ ამის გარდა კიდევ ითქვა, რომ ვნახოთ რა ხდებაო და სხვები შეძლებენ თუ არა კონკურენტუნარიანი კანდიდატების დაყენებასო. იმ განცხადებაში დაახლოებით ასეთ რამეც ითქვა. ამიტომ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე ამ პოზიციაზე დარჩება და არ შეიცვლის.

მაგრამ საინტერესო და საკითხავი ისაა, არის თუ არა ეს სააკაშვილთან შეთანხმებული, თუ ეს არაა შეთანხმებული, მაშინ პრობლემები იქნება ამ საკითხთან მიმართებაში და შესაძლოა ნიკა მელიას პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინონ, თუმცა ვნახოთ, ზოგადად სვლა სწორია და ძალიან კარგია თუ ოპოზიცია ამ მიმართულებით საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას სხვა კანდიდატები სხვა რეგიონებში არ ეყოლება, თუნდაც იგივე გლდანსა და სამგორში.

ეს მაინც მხოლოდ განცხადებაა დავრწმუნდებით მაშინ, როდესაც სიები წარდგენილი იქნება და როდესაც ზოგადი საერთო შეთანხმება იქნება, მე როგორც ვხედავ „ლელო", ბურჯანაძე, ალეკო ელისაშვილი ცალკე აპირებენ, ცალკეა ასევე „პატრიოტთა ალიანსი", ანუ ბევრი პარტია იქნება და თბილისი ეს ის ადგილია, სადაც ყველა თავის კანდიდატურას წარადგენს და ასეთ ვარიანტში ბოლო მომენტში შესაძლოა შეთანხმების მხარეები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" აღმოჩნდნენ, რაც ამ შემთხვევაში რეალურ სურათს ბევრით ვერაფერს შეცვლის," - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×