თამთა ჩაჩანიძე
05.06.2020

„ყველა იმ ადამიანთან, ვისაც პროფესიული გამოცდილება აქვს და პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, ჩვენ რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ," - ამის შესახებ „რეზონანსთან" „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ, დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის მათ პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობაზე კომეტირებისას განაცხადა.

კოჟორიძის თქმით, „ლელო" 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და 30-ივე მაჟორიარულ ოლქში თავის კანდიდატებს წარადგენს, თუმცა შესაძლოა გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაუშვან, თუ ოპოზიციის სხვა რომელიმე პარტიის კანდიდატს მათზე მაღალი რეიტინგი ექნება.

„ჩვენი ზოგადი მიდგომაა ის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც პროფესიული გამოცდილება აქვს და პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, ასეთ ადამიანებთან ჩვენ რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ,ვხედავთ იმას, რომ საქართველოს წინსვლისთვის და განვითარებისთვის დიდი ერთობა სჭირდება და ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მარჯვნივ, მარცხნივ თუ ცენტრში არსებობს, სხვადასხვა პარტიებში თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში რაღაცნაირად შეიკრიბოს და გაერთიანდეს, იმისთვის, რომ წარმატებული რეფორმები გვქონდეს, ესაა ჩვენი მიზანი და ამ მიზნის მიღწევაში, რომელი ადამიანიც ჩვენს გვერდით იდგება იმ დათქმით, რომ მას რა თქმა უნდა თავისი წარსული მოღვაწეობიდან გამომდინარე არ უნდა ჰქონდეს წითელი ხაზები გადაკვეთილი, რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებს ჩვენს გუნდში მივესალმებით.

„ნაციონალური მოძრაობის" დროს არაერთი ადამიანი არაერთ სტრუქტურაში იყო დასაქმებული და თავის საქმეს უმაღლეს პროფესიულ დონეზე აკეთებდა, ვფიქრობ, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი ადამიანები გვერდზე გასწიოს, დაკარგოს და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოაშოროს, ასეთი ადამიანები ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ვინც სისტემური ძალადობის რეჟიმის შემოქმედები იყვნენ, მერაბიშვილი ადეიშვილი და ა.შ. ისინი რა თქმა უნდა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებლები იქნებიან.

„იგივეს ვიტყოდი „ქართული ოცნების" ყოფილ წევრებთან მიმართებაშიც, შესაძლოა ისინი მათი წევრები იყვნენ, მაგრამ რაღაც ეტაპზე მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, თავიანთი პრინციპული დამიკიდებულება აჩვენეს. ვერ გეტყვით ჩვენთან იხილავთ თუ არა ჩუგოშვილს, ტელეკომპანია „ფორმულზე" მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, რომ ჩუგოშვილთან შეხვედრა ჰქონდა, რომელიც გამომდინარეობდა იქიდან, რომ ყველამ იცის, რომ მას დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს და სწორედ ამ თემაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო, მაგრამ შეთავაზება და ეს შეხვედრა მერე გადაიზრდება თუ არა კონკრეტულ შედეგში, ამას მომავალი გვიჩვენებს, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„ჩვენი პოზიცია არის დღემდე უცვლელია, იმედის 8 მარტის შეთანხმება მოხდება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ამ ფორმატში ვმონაწილეობდით, თავიდანვე ვამბობდით და დღესაც ამას ვამბობთ, რომ „ლელო" არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევას 30-ვე ოლქში ვგეგმავთ, მაგრამ აქვე დღესაც ნათლად და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ რომელიმე ოლქში ჩვენ დავინახავთ, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ჩვენზე ძლიერი კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს და ურთიერთთანამშრომლობის კუთხით საინტერესო იყოს, რომ დავუშვათ ჩვენ არ დავაყენოთ იმ კონკრეტულ ოლქში და ეს იქნება ურთიერთხელსაყრელი თამამშრომლობა, ჩვენ რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევებს არ გამოვრიცხავთ(თუმცა ეს იქნება გამონაკლის შემთხვევაში).

„ვაგრძელებთ დიალოგს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში რაღაცნაირი შეთანხმება შედგეს, ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება, ის რომ რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ხელისუფლებამ ზეწოლა ვერ მოახერხოს მათი ნების ფორმირების კუთხით, ყველამ თავისუფალ და არაძალადობრივ გარემოში მიღოს მონაწილეობა, ამ კუთხით ნებისმიერ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მიუხედავად იმისა თუ რა საგარეო ორიენტაცია აქვს და წარსულში რა უკეთებია," - განაცხადა კოჟორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×