ია აბულაშვილი
05.06.2020

„შეკრება არ ყოფილა და არც შეთანხმება, წარმოდგენა არ გვქონდა და ჩვენც ტელევიზიიით გავიგეთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო" - აცხადებს პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საპარალმენტო არჩევნებში თბილისში 2 მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა" თბილისში 6 ოლქს თმობს და მხოლოდ გლდანსა და სამგორში წარადგენს კანდიდატებს. „ჩვენ როგორც დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, დავთმეთ იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, იმიტომ რომ ყველას ეყოს ადგილი და ეს ერთობა შედგეს. წერტილი უნდა დაესვას თბილისში ოლქების დაკომპლექტებას," - აცხადებს ნიკა მელია.

„რატომ მანცდამაინც გლდანი და სამგორი, არ ვიცი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ დისონანსი შეიტანა თავად „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველში; ნახეთ, რას წერენ სოციალცურ ქსელებში. საბურთალოზე ვინც ვცხოვრობთ, ხმა ვის მივცეთ - ბურჯანაძეს და ბოკერიასო?

ამ საკითხთან დაკავშირებით „ძალა ერთობაშია" შემავალ სხვა პარტიებს შორის შეკრება არ ყოფილა და არც შეთანხმება, ტელევიზიით გავიგეთ ამის შესახებ. ეს გადაწყვტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ" დამოუკიდებლად მიიღო. რა თქმა უნდა, უახლოეს ხანში შევიკრიბებით და რას გადავწყვეტთ, აუცილებლად მოგახსენებთ. პირადად მე რა გადაწყვეტილებას მივიღებ სამომავალოდ, ამაზე პასუხისგან თავს შევიკავებ, ვნახოთ, როგორ წავა საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გადაწყვეტილება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება, რადგან მე პრინციპებს არ ვღალატობ. პრინციპებს და ხალხის ინტერესებს თუ ვინმე უღალატებს, ჩემი სახით რკინის კედელს შეასკდებიან.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებთი გაკეთებულ ჩემს განცხადებას, მე სრულიად გულწრფელად დავსახელე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა და არავისთან შემითანხმებია. არ მინდა დავძაბო სიტუაცია და უბრალოდ ვიტყოდი, რომ უხერხულია ასეთი განცხადებების გაკეთება. ღალატი ეძებონ იქ, სადაც ერთხელ უკვე უღალატეს - რაღა გიორგი ვაშაძისკენ იხედებიან. ვაშაძე თუ წავიდა პარტიიდან, ბოკერიას გამო წავიდა.

ბოკერიას სურს თავისი კანდიდატი ჰყავდეს პრემიერ- მინისტრის პოსტზე, ვეღარ დამალა და წამოცდა კიდეც, რომ მომავალი პრემიერი „ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოსო. მაგრამ, ძალიან კარგად იცის, რომ ამას ხალხისგან ვერ მიიღებს, ამიტომ ეპოტინება გაკოტრებულ რუსული ვექტორის პარტიებს, რომ თუ შევლენ პარლამენტში, იქ დაიმატოს მათი ხმები, პრემიერის ასარჩევად," - განაცხადა „რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმაю

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×