
ბუნტი ცხინვალის ციხეში - ხუთშაბათს დაწყებული დაპირისპირება მწვავდება - მარიონეტული ხელისუფლება კონტროლს დღითიდღე კარგავს. პატიმრების ოჯახის წევრებმა ციხეში დაწყებული ბუნტის საპასუხოდ ე.წ. იუტიციის მინისტრის სახლის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ციხეში ვითარება უკიდურესად გამწვავდა და გაიზარდა იმ პატიმართა რიცხვი, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და სხეულის დაზიანებები მიიყენეს.
დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ პატიმარს მობილური ტელეფონი უპოვეს და ომონის თანამშრომლები გამოიძახეს, რომლებმაც პატიმრებს სასტიკად სცემეს. ცხინვალელმა უფლებადამცველმა ფატიმა მარგეონმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საავადმყოფოში ციხიდან დაზიანებული პატიმრების რიცხვი იზრდება.
„დილიდან მოჰყავთ და მოჰყავთ საავადმყოფოში ვენებგადახსნილი პატიმრები. მე კი გაფრთხილებდით, რომ მათ სიკვდილით დასჯა და წამება არ ჰქონდათ მისჯილი... და, აი, თქვენ შედეგი მინისტრების, დეპუტატების, პროკურატურის და მოსამართლეების არაკომპეტენტურობის.. ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმე მოკვდეს“, - წერს უფლებადამცველი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით კი ოთხმა ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა ვენები გადაიჭრა. დე ფაქტო სამინისტროს ცნობითვე, პატიმრებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ციხესთან ახლოს მცხოვრები ცხინავლის მოქალაქეები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათ ციხესთან ომონი ხუთშაბათს შენიშნეს. მთელი ღამის განმავლობაში კი პატიმრების განწირული ყვირილის და ღრიალის ხმა ესმოდათ. მათი აზრით, ციხეში პატიმრებს სასტიკად გაუსწორდნენ და რამდენიმე მათგანამ ვენები გადაიჭრა. ვრცელდება მედიაში ინფორმაცია, რომ დაშავებულების რაოდენობა 40 დან 50-მდეა გაზრდილი.
ამის შემდეგ კი პატიმრების ნათესავები ქუჩაში გამოვიდნენ და ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი ახლობლები დაუყოვნებლივ პატიმრებთან შეხვედრას და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში გამოსვლით და აქციებით იმუქრებიან.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ცხინვალის ციხეში ბუნტი და დაპირისპირება ახალი არ არის, რადგანაც იქ სიტუაცია გაუსაძლისია. მისი თქმით, ადრე ამაზე დაძაბული სიტუაცია იყო და თითქმის ე.წ. მთავრობაც კი გადადგა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მაშინ ბიბილოვმა პარლამენტში ხალხი მოისყიდა და ოპონენტებს კენჭისყრა ჩაუვარდათ.
მისი თქმით, ხუთშაბათს ცხინვალის ციხეში კვლავ დაწყებული ბუნტი წინა თვეების გაგრძელებაა. იქ არ არის ადამიანური პირობები და პატიმრები ფაქტობრივად გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მათთვის არ არის საჭირო სამედიცინო დახმარება, არ არსებობს მედიკამენტები, საკვები უვარგისი და ვადგასულია. საკნები კი 21-ე საუკუნის პირობებს არ აკმაყოფილებს და გაუსაძლის სიტუაციაში ცხოვრობენ.
„მთავარი პოზიცია პატიმრების ის არის, რომ ცხონვალში საშინელი პირობებია. ამიტომ ისინი ამას აპროტესტებენ და ბოლო წვეთი მათთვის ის იყო, რომ ტელეფონები ჩამოართვეს. შესაბამისად, დაგროვილმა აგრესიამ თავი იჩინა და პატიმრებმა ეს პროტესტი ციხის თანამშრომლებზე თავდასხმით გამოხატეს. ასევე, მათ პროტესტის ნიშნად ვითომ ვენები გადაიჭრეს. თუმცა, ისე იკაწრავენ, რომ მხოლოდ სისხლი მოსდით და რეალურად ეს ვენების დაჭრა არ არის. ამიტომაც, ციხის თანამშრომლებს ეშინიათ ხოლმე.
“იქ არსებული სიტუაცია ფაქტობრივად ყოველდღიურ წამებას უდრის. არ არის ნორმალური სასეირნო სივცრე. საკნებია დანესტიანებული და ფაქტობრივად მიწის თხრილებში ჰყავთ პატიმრები. 21-საუკუნისთვის სრულიად წარმოუდგენელი პირობებია.
“ამიტომ, ამას პირველად არ აპროტესტებენ. ეს ბიბილოვს შესაძლოა პოლიტიკურად ძვირადაც დაუჯდეს. ეს პირველად არ ხდება და ის საზოგადოებაში დაგროვილ პრობლემებს კი არა, ელემენტარულად ციხეში არსებულ სიტუაციასაც ვერ უმკლავდება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
თუ ბიბილოვი მდგომარეობას ვეღარ გაუმკლავდება, ე.წ. პარლამენტის მიერ მისი იმპიჩმენტის საკითხი გამორიცხული არ არის. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე როგორც წესი, რუსები სიტუაციას თვალს შორიდან ადევნებენ ხოლმე. თუმცა, აშკარაა, რომ ბიბილოვის მმართველობის სტილი არ მოსწონთ და გამოწვევებს ვერ უმკლავდება.
კონფლიქტოლოგი არ გამორიცხავს, რომ პირიქით, შესაძლოა რუსებს ეს სიტუაცია აწყობდეთ კიდევაც, რომ ბიბილვის თავიდან მოშორება უფრო გაუმარტივდებათ. მისი თქმით, მთავარია ცხონვალში პროქართული ძალები არ გააქტიურდნენ, დანარჩენი რაც იქ შეიძლება მოხდეს, რუსებს ყველა სიტუაცია ხელს აძლევთ.