
„დიდი უმრავლესობა „ნაციონალებს" ხმას არ მისცემს და მათი მოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია, პატარა პარტიები სამაგისო ნდობას არ იმსახურებენ, რაღა დარჩა - „ოცნება" დარჩა.
"ამ ტიპის ალტერნატივების პირობებში შეიძლება ითქვას, „ქართული ოცნება" განწირულია იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ისევ მოვიდეს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შანსებს.
„რეზონანსი": ოპოზიციის ტაქტიკა მაჟორიტარi კანდიდატების გადანაწილებაზე რამდენად ეფექტური და შედეგის მომცემი იქნება?
რამაზ საყვარელიძე: თუკი ადამიანს მწვადი და მოხარშული ხორცი არ უნდა, ანუ ვეგეტარიანელია, ეს ხორცები, რომ სხვადასხვანაირად დავუწყოთ, მოინდომებს? მოსახლეობას არ უნდა ეს „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სხვადასხვა ვარიანტები და...
„რ": რა მთავარ შეცდომებს ხედავთ ოპოზიციის მიერ მაჟორიტარ კანდიდატების გადანაწილებაში?
რ.ს.: გადანაწილება თავისთავად მიმაჩნია შეცდომად - იმაზე უნდა ეფიქრათ, რომ ამომრჩევლისთვის სასურველები ყოფილიყვნენ და არა იმაზე, თუ როგორ გადანაწილდებოდნენ.
2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რაღაც თვისებების გამო უარყო - ეს თვისებები იყო სიცრუე, აგრესიულობა და სხვა... „ნაცმოძრაობამ" ყველა ეს თვისება შეინარჩუნა და არაფერი არ შეცვალა, მოსახლეობას ადრე რაც არ მოსწონდა, ახლაც იგივე არ მოსწონს, ამ თვისებების გამო ხალხმა არც ადრე მისცა ხმა და ახლაც საეჭვოა, რომ მისცეს, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა შეეცვალა თავისი პოლიტიკური სტილი და ა.შ.
„რ": წინასაარჩევნო მარათონში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებიც" ერთვებიან, ისინი პარტიას ქმნიან, ასევე, არჩევნებში ჩართვის სურვილი შესაძლოა „ქართული ოცნების" ყოფილმა სხვა წევრებმაც გამოთქვან, როგორ ფიქრობთ, ამის ფონზე, რამდენად აქვს შანსი მმართველ გუნდს, რომ ხელისუფლებაში მესამედ მოვიდეს?
რ.ს.: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ უნდათ იმიტომ, რომ ქართული მოსახლეობა „ვეგეტარიანელები არიან", ამ დროს მათ არ იციან ეს ახალი პარტიები რისგან არიან გაკეთებულები, მათში „ხორცი" ურევია თუ არა, ამდენად, უცნობ პარტიებს ასეთი შანსი ნაკლებად აქვთ, ამიტომ მოცემული მომენტისათვის ახალბედა პარტიები არ მგონია, რომ შედეგიანები აღმოჩნდნენ.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებაში ვიღაცა უნდა იყოს, სახელისუფლებო სავარძელი ცარიელი ვერ იქნება, დიდი უმრავლესობა „ნაციონალებს" ხმას არ მისცემს და მათი მოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.
პატარა პარტიები სამაგისო ნდობას არ იმსახურებენ, რაღა დარჩა - „ოცნება" დარჩა, ამ ტიპის ალტერნატივების პირობებში შეიძლება ითქვას იგი „ქართული ოცნება" განწირულია იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ისევ მოვიდეს.