მარტყოფის ღვთაების მონასტერი, რომელიც სოფელ მარტყოფში მდებარეობს, მე-6 საუკუნეში, 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა მამა ანტონ მარტყოფელმა დაარსა. ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით მე-6 საუკუნემდე ამ ადგილს აკრიანი-ქვიანი ადგილი ერქვა და იდგა ტაძარი, რომელიც ჯერ კიდევ ვახტანგ გიორგასალს აუშენებია.
მარტყოფის მონასტერი რამდენჯერმე დაინრგრა. 1395 წელს თემურ ლენგმა მონასტერი სასტიკად ააოხრა, სწორედ მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანტონ მარტყოფელმა ედესიდან ჩამოაბრძანა და ხატის სახელზე ტაძარიც ააგო.
ცნობილმა ჰიმნოგრაფმა არსენ ბულგაისმისძემ კი ამ უნიკალურ ხატს საგალობელი მიუძღვნა.
მაცხოვრის პირი ღვთაების ხატი, კერამიონი (კეცზე გამოსახული) რომლის ჩამობრძანებაც საქართველოში ანტონ მარტყოფელის სახელს უკავშირდება, ასლია ამავე სახელწოდების მანდილიონის (ტილოზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი) რომელიც უფალმა ედესის დასნეულებულ მეფე ავგაროზს გაუგზავნა სამეფო კარის მხატვრის ანანიას ხელით.
გადმოცემის თანახმად, ძვირფასი სიწმინდით მხატვარი ანანია ედესისკენ გაემგზავრა. ღამის გასათევად გაჩერდა ქალაქ იერაპოლის განაპირას მცხოვრებ ერთ-ერთ მექოთნესთან.
მანდილიონის ხატი კი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შუა ჩაასვენა. შუაღამისას ქალაქის მცხოვრებლებმა უჩვეულო, ცეცხლოვანი სვეტი იხილეს, რომელიც ხატს თავზე ედგა. მაშინვე მექოთნის სახლისკენ გამოემართნენ, კეცებიდან ამოიღეს ხატი და ნახეს სასწაული. ზემო კეცზე მაცხოვრის სახე იყო გამოსახული.
ქალაქის თავმა მხატვარ ანანიას მეფე ავგაროზთან მანდილიონი გაატანა, მაგრამ კეცზე გადასული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი-კერამიონი, თავის სასახლეში დაასვენა. რამდენიმე ხნის შემდეგ ხატი ტაძარში გადაასვენეს.
ედესში მყოფ ანტონ მარტყოფელს ეს სიწმინდე გამოუსყიდია და საქართველოში წამოუსვენებია. უფლის ხელთკქმნელი ხატის სახელზე კი ტაძარი ააშენა.
მე-13 საუკუნეში, ცნობილ საეკლესიო მოღვაწეს ტბელი აბუსერიძეს დაუმკვიდრებია მარტყოფის ღვთაების მონასტერში უფლის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაული, რომელიც დღემდე აღინიშნება, ყოველი წლის 16 აგვისტოს.