
იტალიელი შეფმზარეული, ენცო ნერი, 3 წელია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. მისი პირველი პროფესია ინჟინერია და აიტის სპეციალობაა. 29 წლის ასაკში კი კულინარიით დაინტერესდა და მას შემდეგ კერძების კონცეფციას ქმნის, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და მუშაობს.
48 წლის ენცო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული შეფმზარეულია, რომელსაც მილიარდერები ოჯახური მენიუს შედგენას ანდობენ. ენცომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვისაც შეიმუშავა რეცეპტები და მისმა შექმნილმა კერძებმა დიდი მოწონებაც დაიმსახურა:
"მე მქონდა შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის რამდენიმე დიეტური კერძი შემემუშავებინა და პირადი შეფმზარეულები მომემზადებინა. ოჯახი ცდილობდა, ეპოვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო, გარკვეული პერსონალური ტრენინგები ჩაეტარებინა პირად მზარეულებთან და ასევე მათთვის წარედგინა განსხვავებული კერძები.
ერთ-ერთი კომპანია დამიკავშირდა. საჭირო დოკუმენტაცია გავაგზავნე და ტენდერი მოვიგე. ნიუ იორკში ყოფნის ბოლო წელს ერთ-ერთი მილიარდერი კონგრესმენის პირადი შეფმზარეული ვიყავი. ასე რომ, ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება არ ყოფილა.
21 ახალი რეცეპტი შევიმუშავე. ძირითადად ეს იყო ზღვის პროდუქტების კერძები და ვეგეტარიანული ვარიანტები, ასევე – მზარეულებს ტრენინგებს ვუტარებდი. ეს ძალიან კარგი და მხიარული დრო იყო. ჩემგან არ ითხოვდნენ, დიეტური საჭმელებიდან რამე ამომეღო ან დამემატებინა. ისინი ითხოვდნენ, რომ ამ საჭმელებისთვის შემემატებინა უცხოური კულინარიის გემო და ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტების.
ივანიშვილების ოჯახში ძალიან გურმანები არიან და იციან, რა უნდათ. მათთან ურთიერთობით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ზღვის პროდუქტების ვარიანტები ყველაზე მეტად დაფასდა" - განუცხადა ჟურნალ "სარკეს" ენცო ნერიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე