“იყო საუბარი, რომ საქართველოში პაციენტები გადმოეყვანათ სამკურნალოდ, მაგრამ, აქ ძალიან ბევრი რისკი არსებობს”
თამთა ჩაჩანიძე
08.06.2020

სომხეთში ეპიდსიტუაცია სრულიად უკონტროლოა, ამას უკვე ქვეყნის ლიდერებიც აღიარებენ - ეპიდემიოლოგების აზრით, ინფექციის „გაქცევა" გამოიწვია იმან, რომ თავის დროზე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მკაცრი ზომების მიღება არ მოხდა. მათი აზრით, საქართველოს დახმარების კუთხით მხოლოდ ის შეუძლია, რომ სომხეთს პრაქტიკული, თეორიული რჩევები მისცეს და გამოცდილებები გაუზიაროს.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სომხეთისთვის ამ ეტაპზე მთავარია, რომ მხოლოდ კორონავირუსის შიდა გადაცემები მაქსიმალურად აკონტროლონ.

„უფრო რთული ვითარება იყო ესპანეთშიც და იტალიაშიც. ყველაფერი პრევენციას ემყარება, სომხეთი დიდი ქვეყანა არაა, დახმარებაც იქნება და გარკვეულწილად გამოცდილება საქართველოსაც აქვს, მთავარია, რომ სომხეთმა რეზერვები მოიძიოს, იმისათვის, რომ მძიმე პაციენტები მაქსიმალურად კომფორტულად იყვნენ და ხელოვნური სუნთქვის აპარატები არ მოაკლდეთ.

„მკურნალობა მეტ-ნაკლებად უკვე ყველამ ისწავლა, გამოცდილებაც არსებობს და რაც მთავარია სომხეთში შიდა გადაცემები არ უნდა მოხდეს - თუ ისინი შიდა გადაცემებს მოერევიან, შესაბამისად მდგომარეობა კონტროლს დაექვემდებარება, ესაა მთავარი.

"თორემ, გარედან უკვე აღარავინ აღარ შევა, შიგნით კი, თუ მათ პრევენციები არ დაიცვეს, ის წესები, რომლებსაც ჩვენ ასე გამწარებულები ვიცავთ, მაშინ უკვე დიდი პრობლემები შეექმნებათ" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საქართველოს სომხეთთან მიმართებაში მხოლოდ წმინდა თეორიული საკითხებით შეუძლია დახმარება.

„ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ინფორმაციები გავცეთ, რომელიც მკურნალობის პრევენციის თვალსაზრისით ძალიან დაგვიგროვდა და ასევე, თუ იქნებიან ისეთი მსურველი ექიმები, რომლებიც ჩავლენ და დაეხმარებიან, ხოლო მატერიალურად საქართველო არაა ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომ ვიღაცას დაეხმაროს.

„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ალბათ ვიცით რა ჯდება ხელოვნური სუნთქვის აპარატები.

"ამ შემთხვევაში, ერთადერთი, მხოლოდ თეორიული ინფორმაციის გაცემა იქნება და ასევე ის, თუ რაღაც ისეთი ახალი კვლევა იქნება, რომელიც მხოლოდ საქართველოს ხელში იქნება - წმინდა პრაქტიკული და თეორიულიუ საკითხები, თორემ მატერიალურიად, მე საქართველო იმ დონის ქვეყანად არ მიმაჩნია, რომ სხვას ეხმარებოდეს" - განაცხადა ხმალაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" საქართველოს როლს სომხეთის დახმარების კუთხით თეორიულ და პრაქტიკულ რჩევებში ხედავს, იგი ასევე მიიჩნევს, რომ მეზობლის და მეგობრის საქმით დახმარება აუცილებელია, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები კარგად უნდა გაითვალოს.

„ის იქნება, რაც იტალიაში მოხდა. რაღაც რაოდენობაზე გაჩერდება და წამოვა ქვევით, თან მაგათმა (სომხეთმა) საკმაოდ მკაცრი ზომების მიღება დაიწყეს, რომელიც უფრო ადრე უნდა მიეღოთ, ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება.

„ყველანაირი ზომები უნდა გამკაცრდეს, თავისი საგანგებო მდგომარეობით, ძალიან სერიოზული საჯარიმო სანქციებით და რაღაც ეტაპის შემდეგ ეს წავა ისე, როგორც იტალიაში და ესპანეთში მოხდა, ანუ წამოვა ქვევით.

„ამ შემთხვევაში ჩვენი (საქართველოს) გამოცდილების გაზიარება შეიძლება, ის რაც დადებითი და კარგი გვაქვს, ჩვენი მოსაზღვრე ქვეყანაა. იყო იმაზე საუბარი, რომ საქართველოში პაციენტები გადმოეყვანათ და მკურნალობაში დავხმარებოდით. ეს ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არაა, აქ ძალიან ბევრი რისკი არსებობს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ამიტომაც ესე რომ გადმოვიყვანოთ... გასაგებია მესმის და ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, მაგრამ კარგად უნდა გავთვალოთ, რომ ჩვენც ამის გამო პრობლემა არ გვქონდეს, მითუმეტეს ეკონომიკამაც ნელა-ნელა მუშაობა დაიწყო, 1-ელი ივლისიდან ქვეყანა ტურისტული სეზონის გახსნას აპირებს, მიტომაც თუ დახმარება გვინდა, ჭკვიანურად უნდა დავეხმაროთ, რაც შეგვიძლია ისე, რომ ჩვენც არ დავზარალდეთ.

„ისინი ჩვენი მეგობრები და მეზობლები არიან და ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ყველა ნაბიჯი უნდა გაითვალოს და რა თქმა უნდა ეს დროულად უნდა გაკეთდეს. არა მხოლოდ სიტყვით, რომ ჩვენს თქვენს გვერდზე ვართ ასე არა, საქმე უნდა გავაკეთოთ, ოღონდ კარგად გათვლილად და კოორდინირებულად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი" - განაცხადა სურგულაძემ.

ორი დღის წინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ეპიდსიტუაცია უკონტროლო გახდა, მისი თქმით, ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად უკვე „ჯოჯოხეთშია", თუმცა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე ჯერ არ მიუღწევიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×