
ათონის მთაზე სადაც 20 მონასტერია, მათ შორის გამორჩეულია ქართული ხუროთმოძვრების უძველესი ძეგლი ივერთა მონასტერი. ქართველებს ტაძარი იმ ადგილას აუგიათ, სადაც კვიპროსში მიმავალმა ღვთისმშობელმა პირველად დაადგა ფეხი. ათონის მთაზე ინახება ძველი ხატი, რომელზედაც ჩანს რომ სწორედ ივერთა მონასტრიდან ადის კიბე ზეცაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლამდე.
ათონის ივერთა მონასტერში დაცულია მრავალი სასწაულმოქმედი ხატი თუ საელესიო ნივთი, მათ შორის არის საკვირველმოქმედი უძველესი ვერცხლის კანდელი, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის შესასვლელი კარის წინ ჰკიდია. ეს კანდელი საიდუმლოებით არის მოცული და უხილავი ძალით მოძრაობს.
დიდ დღესასწაულებეზე, წირვისას და ლოცვის დროს, კანდელი მოძრაობას იწყებს ღამის თევის დროს, როდესაც იწყება ღვთისმახურება. ადიდებენ უფალს და საგალობელს უძღვნიან ღვთისმშობელს. გადმოცემის თანახმად, დღესაწაულის დროს, როცა კანდელი თავისით იწყებს მოძრაობას, თვალხილული ნიშანია იმისა, რომ ღვთისმშობელი იმ დროს ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ "აი ნიშანი, თქვენთან ვარ, თქვენთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. გლოცავთ და დარიგებას გაძლევთო".
კანდელი თუ ჩვეულებრივ დღეს იწყებს მოძრაობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას განსაცდელი ელოდება; მიწისძვრა, ომი ან ეპიდემია. ეს არის ღვთისმშობლის შეტყობინება, რათა ლოცვით და სინანულით თავიდან ავიცილოთ მომავალი განსაცდელი.
ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათეს ეჭვი შეპარვია კანდელის საიდუმლო მოძრაობაში და უფიქრია, რომ კანდელის მოძრობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლაზე. ამიტომ კანდელის ფიალაში დასამძიმებლად ქვიშა ჩაუყრია იმ მიზნით, რომ კანდელი აღარ იმოძრავებდა.
მაგრამ პირველსავე ღამეს იხილ საოცრება, ტაძარში შესულმა დაინახა, რომ კანდელი მოწყვეტილი იყო თავის საკიდს და იატაკზე გამართული იდგა. არადა ფორმით ის ქვემოთ ვიწრო და წვეტიანი იყო. თანაც ისე ენთო, თითქოს არაფერი მოსვლოდა. ამის მნახველმა მნათემ შეშინებლმა კანდელი თავის ადგილას დააბრუნა და ეკლესიიდან გაიქცა.
როგორც ამბობენ, ივერთა ტაძრის მამები ყოველდღე ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველმოქმედ კანდელს. როცა კანდელი, ჩვეულებრივ დღეებში, განსაკუთრებული სიძლიერით იწყებს მოძრაობას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ ათონის მთის ყველა მონასტერს. რის შემდეგაც ერთად აღავლენენ ლოცვას, რათა ღვთისმშობელი შეეწიოთ. აძლიერებენ ლოცვას, რადგან წამთ, რომ თვითონ ქალწული მარიამი იუწყება მოახლოებული განსაცდელის შესახებ.