
კორონავირუსის გამო საქართველოში მოსალოდნელია, რომ უმუშევართა რაოდენობა 300 ათასით გაიზარდოს. მარტსა და აპრილში, ნაწილობრივ მაისშიც, ეკონომიკის დახურვამ ასეულ ათასობით ადამიანი უმუშევრად დატოვა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად სამუშაო ადგილს ბევრი დაუბრუნდა, მაგრამ ასევე ბევრია იმ მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებსაც დასაქმების არანაირი შანსი არ აქვთ.
საქართველო უმუშევრობის იმ მაჩვენებლებს უბრუნდება, როგორიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ კრიზისიდან გამოსვლა ქვეყანამ მაშინ მალევე შეძლო, რაც მიმდინარე ეპიდემიური პრობლემის ფონზე შეუძლებელი ხდება.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის კატასტროფული ზრდა მთელ მსოფლიოს ემუქრება. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ახალი კორონავირუსის გამო, არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისში აღმოჩნდა, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის პრობლემის საკითხი დადგა, რამაც გლობალური უმუშევრობა შესაძლოა, სულ მცირე 5.3 მილიონით გაზარდოს.
ორგანიზაცია დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობას 2008-09 წლებში დაფიქსირებულ გლობალური უმუშევრობის მონაცემებს ადარებს, რომლის დროსაც მსოფლიოში 22 მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. საქართველოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 300 ათასს შეადგენდა. თუმცა გაცილებით მძიმე სიტუაციაში ჩვენი ქვეყანა გასულის საუკუნის 90-იან წლებში აღმოჩნდა, როცა ქვეყანაში 1 მლნ სამუშაო ადგილი დაიკარგა, ხოლო ეკონომიკა 40%-ით შემცირდა.
სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის ინფორმაციით, პანდემიის ფონზე სამსახურს დაკარგავს მსოფლიოში დაახლოებიტ 320 მილიონი ადამიანი და ეს არის დაახლოებით დასაქმებულთა 1/10, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისრაოდენობის ეკვივალენტურია.
საქართველოს შემთხვევაში, როგორც არჩვაძე ამბობს, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ დააღწევს თავს კრიზისს ტურიზმის სექტორი, რომელიც ქვეყანაში წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი იყო.
,,კორონავირუსის გავრცელებამდე ტურიზმზე მოდიოდა დასაქმებულის დაახლოებით 12%, რაც თითქმის 200 ათასი ადამიანია. როგორ გამოსწორდება ამ დარგში მდგომარეობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც ამით იქნება განსაზღვრული. სიტუაცია განსაკუთრებით დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ ეკონომიკა დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო. ახლა, როცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა დასაშვები გახდა, მიკროავტობუსების რამდენიმე ათასი მძღოლი სამუშაოს დაუბრუნდება. გარდა ამისა რესტორნების შიდა სივრცეებში მომხმარებლების მიღება შესაძლებელი გახდა. ამით მომსახურების მასშტაბი გაიზრდება, ხოლო 1 კვირის შემდეგ გათვალისწინებულია სარკინიგზო ტრანსპორტის ჩართვა. ამიტომ ნელ-ნელა ეკონომიკა დაიქოქება და ხელი შეეწყობა უმუშევრობის თანდათანობით შემცირებას.
წლიურ ჭრილში, ძველი მეთოდიკით თუ ვიანგარიშებთ, ჩვენ შეიძლება გვქონდეს უმუშევრობის სამპუნქტიანი ზრდა, რაც არსებულთან შედარებით 25-30%-იან მატებას გაუტოლდება. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილს საბოლოოდ დაახლოებით 300 ათასი ადამიანი დაკარგავს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ.
რაც შეეხება სხვადასხვა პერიოდში არსებულ კრიზისს, სტატისტიკოსის თქმით, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი იყო 2008 წელსაც, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება მალევე მოხერხდა. ქვეყნისთვის გაცილებით მძიმე 90-იანი წლების კრიზისი აღმოჩნდა.
,,2008 წელი ეკონომიკურად მძიმე იყო, მაგრამ სხვა სიტუაცია გვქონდა. მყისიერად ჩატარდა დონორების პრესკონფერენცია და საკმოდ სოლიდური დახმარება გაგვიწიეს, რაც განსაზღვრული იყო იმისთვის, რომ არ გაჩერებულიყო ეკონომიკა და ბანკებს ემუშავათ. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტმა მყისიერად 1 მილიარდიანი შევსება მიიღო, საბანკო სექტორმაც ამდენივე და სწორედ ამ ღონისძიებების შედეგი იყო, რომ ლარი არ გაუფასურდა. მაშინ დაახლოებით 18%-იანი უმუშევრობა გვქონდა, 300 ათასი ადამიანის ფარგლებში.
ყველაზე დიდი ჩავარდნა 90-იანი წლების დასაწყისში იყო. წლიდან წლამდე მცირდებოდა ეკონომიკის მოცულობა. 1993 წელს, 1992 წელთან შედარებით, ეკონომიკა 40%-ით დაეცა. ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დიდი უმუშევართა არმია. ფაქტობრივად, სამუშაო ადგილი დაკარგა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
ახლა შედარებით იოლად გამოვალთ. პანდემიის ფონზე სამსახურს დაკარგავს მსოფლიოში 320 მილიონი ადამიანი და ეს არის დაახლოებით მსოფლიოში დასაქმებულთა 1/10 ანუ იმდენი, რამდენი მოსახლეობაც ამერიკაშია. საქართველოში ალბათ 300 000-მდე უმუშევარი გაჩნდება", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
უმუშევრობის მკვეთრ ზრდაზე საუბრობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც. მისი აზრით, იმ ადამიანების სავარაუდო რაოდენობა, რომელიც კovid-19-ის გამო სამსახურის გარეშე დარჩება, 300 ათასს გადააჭარბებს.
"დახმარება გაეწევა ყველა ადამიანს, ვისაც დახმარება შეუწყდა. თუმცა დიდია რისკი, რომ ასეულობით ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩეს. 300 ათასი უმუშევარი რომ დარჩეს, უფრო ადვილად გადავიტანთ კრიზისს, მაგრამ ამ მომენტისთვის სამსახური დასაქმებულთა ნახევარზე მეტმა უკვე დააკრგა სამუშაო. ახლა ხდება აღდგენა და რამდენმა შეძლო ადგილის შენარჩუნება, დაახლოებით 1,5 თვეში გამოჩნდება. ჩვენი გათვლით, მინიმუმ, 300 ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება.
რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის სამსახურში აღდგენა რეალურად შეუძლებელი იქნება. ცხადია, ეს ეკონომიკური ვარდნის მასშტაბს გაზრდის, შემოსავლების შემცირების გამოიწვევს და სიღარიბის ზღვარში მოქცეული ადამიანების რაოდენობაც გაიზრდება. ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა მოსალოდნელი და როგორ გაართმევს თავს მთავრობა ამ გამოწვევას, ჯერჯერობით საუბარი მიჭირს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.
ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, რადგან ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც დიდია უმუშევრობის ზრდის რისკი.
,,ვხედავთ, რომ დასაქმების დონე იკლებს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში და ამ პრობლემის გამოსწორებას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს. ევროპა უმუშევრობის დონის მასობრივი ზრდის გამოწვევის წინაშეა და ვითარების კიდევ უფრო გაუარესების რისკი არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ზოგადად, მთელ მსოფლიოში“, - დასძინა აკადემიკოსმა.
მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმა 24 აპრილს წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გასვლამ მოუწია, 6 თვის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით დახმარებას ყოველთვიურად მიიღებს. ასეთი არის დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე. მთავრობა ჯამში ამ მიზნით 460 მლნ ლარს დახარჯავს. ხოლო ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება თვითდასაქმებულკებსაც, რისთვისაც 75 მლნ ლარია გამოყოფილი. 1-ლი ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებისთვის 104 818 თვითდასაქმებული იყო დარეგისტრირებული.